ამბავი პალეოლოგოსების უფლებების სარფიანი ვაჭრობისა
მამუკა ნაცვალაძე
08.10.2022

ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის შესწავლამ ცალსახად დაგვანახა პრობლემისადმი ისტორიოგრაფიის არამართებული მეთოდოლოგიური მიდგომა - საკითხი განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ სამკუთხედში - რუსეთთან, ოსმალეთსა და ირანთან ურთიერთობის კონტექსტში, ისე თითქოს ამ სამკუთხედს მიღმა საქართველოსთვის სამყარო არ არსებობს. შესაბამისად, ამ პრიზმიდან გამოტანილი დასკვნები ვერ იქნება ობიეტური. 

როგორც ჩვენმა უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, ბერძნული პროექტი, XVIII ს-ის 60-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების გეგმა, იყო ის მთავარი კონცეპცია, რომელზეც მეფე ერეკლემ თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ააწყო. თავად ბერძნულ პროექტს კი უმნიშვნელოვანესი წანამძღვრები გააჩნდა. 

1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპა ოსმალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვატიკანს უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დახსნის ერთდერთ ვარიანტად რჩება შექმნას ერთგვარი ბუფერი, რაც მაჰმადიანთა სვლას შეუშლის ხელს დასავლეთის მიმართულებით. სწორედ ასეთ ბუფერად სჭირდება მას მოსკოვის სამთავრო. 

როგორ დააღწია თავი ვატიკანმა ყოფნა-არყოფნის დილემას

სწორედ ამ ვითარებაში ყალიბდება ვატიკანის ახალი პოლიტიკური კონცეპცია, რომელმაც მისთვის ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ცალსახად ნათელია, რომ ოსმალეთის შემდგომი სამიზნე ევროპა და მათ შორის პაპის სამფლობელოებიც იქნება. ამიტომაც წინასწარ უნდა იქნას დაჭერილი თადარიგი - მოიძებნოს კონკრეტული სახელმწიფო, რომლისთვისაც ოსმალეთი იქნება მუდმივი პოლიტიკური სამიზნე. თავის მხრივ, მოვლენები ისე უნდა განვითარდეს, რომ ოსმალეთის იმპერიას აღარ ეცალოს ევროპისათვის.

იმისათვის, რომ ოპტიმალური შედეგი მიიღოს, საჭიროა სასურველ სახელმწიფოს გააჩნდეს ის იდეოლოგიური დატვირთვა, ის ფუნქცია, რაც ბიზანტიის იმპერიას ჰქონდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ლეგენდა თავად ბიზანტიის იმპერიის რეინკარნაცია და  უფლებების დაცვაა. არადა, ბიზანტიის უფლებები რომ დაიცვა, ჯერ მისი მფლობელი უნდა იყო.

სწორედ აქ დასჭირდა ვატიკანს რომში შეფარებული სოფია პალეოლოგი და მისი ძმა ანდრეი, ბიზანტიის ბოლო იმპერატორის კონსტანტინეს ძმიშვილები, რომელნიც სასწაულად გადაურჩნენ ოსმალურ კლანჭებს. ოსმალები ხომ გამალებით ეძებენ ყველა პალეოლოგოსს და არცერთს არ ტოვებენ ცოცხალს.

ზოია პალეოლოგოსის ძმას ანდრეის განსაკუთრებული მისია აკისრია - ის კონსტანტინოპოლის კანონიერი მემკვიდრეობის უფლებას ფლობს, ეს კი ყველაზე ფასეულია ვატიკანისთვის, რომელსაც შორს მიმავალი გათვლები აქვს. 

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ანდრეი პალეოლოგოსი თავს აფარებდა მამამისის სამფლობელოს პელოპონისის ნახევარკუნძულზე, რომელსაც შუა საუკუნეებში მორეას სახელითაა ცნობილი. როცა მორეა ოსმალებმა დაიპყრეს,  ანდრეი იტალიაში გაიქცა და პაპის კარს შეეკედლა. ვატიკანში მას ბიზანტიის იმპერატორის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ და სათანადო პატივით ეპყრობოდნენ.  მიუხედავად სოციალური სტატუსისა და აღიარებისა, არის ცნობები, რომ ის სიღარიბეში ცხოვრობდა, შესაბამისად ცდილობდა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ვატიკანმა წინასწარი გათვლებით შეუქმნა ანდრეის მძიმე სოციალური პირობები, რათა შემდგომში მარიონეტად ექცია და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტისთვის გამოეყენებინა. 

რატომ არჩია ვატიკანმა მოსკოვი საქართველოს

თავად ზოია ნებისმიერი დინასტიისთვის სასურველი საპატარძლო უნდა იყოს მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, აქ იკვეთება ერთი კონკრეტული ასპექტი, რაც უნდა გამოიყენოს ვატიკანმა - ზოია პალეოლოგოსი, როგორც პატარძალი, უნდა შესთავაზოს რომელიმე სახელმწიფოს.

მაგრამ რომელს? ვატიკანი აქ ფაქტობრივად შეზღუდულია არჩევანში - ეს სახელმწიფო მართლმადიდებლური უნდა იყოს, შესაბამისად ან ქართული სამეფო სამთავროებიდან რომელიმე უნდა აერჩია ვატიკანს, ან რუსული სამთავროებიდან ერთ-ერთი. 

საბოლოო გათვლისთვის ქართლის სამეფო არ უნდა ყოფილიყო ურიგო ვარიანტი, ეს ის პერიოდია, როდესაც XV ს-ის შუა წლებიდან საქართველოს ოსმალეთი გაუმეზობლდა და სწორედ ეს საერთო საზღვარი ქმნიდა იმის ცდუნებას, რომ უმწვავესად განვითარებულიყო მოვლენები ვატიკანის სცენარით, მით უფრო რომ ბიზანტიასთან ბაგრატიონების ნათესაური კავშირი არ იყო უცხო და მიუღებელი თემა და თავად საქართველო ყველაზე მეტად აქტიურობდა ბიზანტიის იმპერიის მხარდამჭერ ანტიოსმალურ კამპანიაში. ამასთან, არცთუ უმნიშვნელო გახლდათ ის ფაქტი, რომ ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორს კონსტანტინე XI-ს ცოლად შერჩეული ჰყავდა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ის ასული, რაც დამატებითი მოტივაცია იყო კონსტანტინოპოლის მხარდასაჭერად. 

თუმცა, აქ საბოლოო არჩევანი ქართულ პოლიტიკურ სეგმენტზე არ შეჩერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ჯერ კიდევ ერთიანია საქართველო, ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, რაც ერთიანი საქართველოს დაშლის წინაპირობაა და საბოლოო პერსპექტივისთვის აქ ცალსახად იკვეთება ოსმალეთის უპირატესობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღარ არსებობდა ის ეკონომიკური ფუნდამენტი - აბრეშუმის გზა, რაც ერთიანი  საქართველოს უმთავრესი საზრდო გახლდათ. შესაბამისად ცხადი იყო, რომ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული მცირე პოლიტიკური ერთეულები უახლოეს ხანში ვეღარ გაერთიანდებოდნენ და ადრე თუ გვიან  მაჰმადიანური სახელმწიფოების ლუკმა გახდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ საბოლოო პერსპექტივაში ოსმალეთს ქართულ სამეფო სამთავროებთნ ცალსახა უპირატესობა გააჩნდა.  

შესაბამისად, აშკარა გახლდათ, რომ ვატიკანის გათვლები ქართული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით აქ უნდა დასრულებულიყო და არჩევანი მოსკოვის სამთავროზე უნდა გაკეთებულიყო, რომელიც გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად დაცული იყო საგარეო საფრთხეებიდან და მთავარი აქცენტი რუსული მიწების გაერთიანებაზე ჰქონდა გადატანილი. 

რატომ არ აინტერესებდა მოსკოვს პალეოლოგოსების მემკვიდრეთა უფლებები

ამ რეალობისას უნდა ჩამოყალიბებულიყო იდეა, რომ მოსკოვის სამთავროსათვის შეეთავაზებინათ ბიზანტიის იმპერიის უფლებების ყიდვა, თუმცა ბუნებრივია რომი არ აპირებს ბოლომდე გახსნას კარტები და თავისი სტრატეგია გააცნოს მოსკოვს. შესაბამისად, შორს მიმავალი სტრატეგიული მიზნების გადასაფარად ვატიკანი ჯერ ზოია პალეოლოგთან ქორწინებას სთავაზობს მოსკოვის მთავარს, ივანე მესამეს. 

მოსკოვის მთავარი არცთუ დიდი ენთუზიაზმით ხვდება ვატიკანის წინადადებას, რადგანაც ვერ ხედავს ვერანაირ პრაქტიკულ სარგებელს. ჯერ ერთი, მას ცოლი ჰყავს - დედოფალი მარია, და მეორეც, ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს ახალი ქორწინების სანაცვლოდ რატომ უნდა გაეყაროს მეუღლეს. 

სწორედ ამ ფაქტორების გამო რომისა და მოსკოვის მოლაპარაკებები სამი წლის განმავლობაში გაიწელა, საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა დადებითად, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედოფალი მარია გარდაიცვალა. ახლა უკვე მომზადებულია ზოია პალეოლოგი მოსკოვის სახელმწიფოს სადედოფლოდ, თუმცა, აქ კიდევ ერთი კორექტივის შეტანა გახდა საჭირო - სახელი ზოია ნამეტანი მიუღებელია მოსკოვისთვის, ეს სახელი მას ფერარა-ფლორენციის კრების ასოცირებას უქმნის, რომელიც საკმაოდ არაპოპულარულია მთელს რუსეთში. 

ეს ის კრებაა, სადაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანება გადაწყდა 1439 წელს და რაც რუსულმა ეკლესიამ არ სცნო. ამიტომაც ითხოვენ მოსკოვში - ზოიამ გადაირქვას სახელი. მოსკოვში ივანე მესამესთან დასაქორწინებლად მოემგზავრება სოფიადხმობილი ზოია პალეოლოგი.

ამბავი სოფიადქცეული ზოია პალეოლოგოსისა

ეს 1469 წელს ხდება. ის რომ მოსკოვის სამეფოს მომავალი მემკვიდრე იქნება ბიზანტიის იმპერატორის შვილიშვილი, ეს ვატიკანის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე ნაწილია მოსკოვის სამეფომ აღიაროს კონსტანტინეპოლის მემკვიდრეობა, რომელსაც კანონიერად ფლობს სოფიას ძმა ანდრეი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მოსკოვში ჩასულ საპატარძლოდ გამზადებულ სოფიას კვალში მიჰყვა მისი ძმა ანდრეი, სწორედ მას ხელეწიფება გადასცეს ბიზანტიის მემკვიდრეობის უფლება მოსკოვის მთავარს ივანე მესამეს.

მისია საპატიოა, მაგრამ ერთგვარად უცნაური, რამდენადაც ამ ყველაფერს საკმაოდ ირონიულად უყურებს თავად მოსკოვის მთავარი. ამ ფონზე კიდევ ერთი უჩვეულო ფაქტი გამოიკვეთა. ფაქტია, რომ თურქები ყველგან ეძებენ პალეოლოგებს, არ სურთ იმის პრეცედენტის დაშვება, რომ რომელიმე მათგანს ოდესმე გაუჩნდეს რევანშის განცდა და ბიზანტიური ძალაუფლების აღდგენის სურვილი, ამიტომაც გამოსავალსაც მათი განადგურებით პოულობენ. ამ შემთხვევაში კი საცნაური ის არის, რომ რუსეთში ჩასული პალეოლოგების მიმართ ეს აგრესია ქრება, ივანე მესამისა და სოფია პალეოლოგის ქორწინებას საკმაოდ უემოციოდ ხვდებიან. ოსმალეთი არ აღიქვამს მოსკოვის სამთავროს თავის საპირწონედ და არც მისი პოლიტიკური სვლები აინტერესებს.

მეორე მხრივ, საკმაოდ უცნაურია და ერთგვარად გაუგებარი ვატიკანის პოლიტიკური თამაშები ივანე მესამისთვის, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ რეალურად დგას რუსეთის გაერთიანების საკითხი მოსკოვის სამთავროს გარშემო და ამ ფონზე მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლის ფუნქცია, მითუფრო ევროპული მასშტაბის პოლიტიკური ამბიციები თეორიულადაც კი   წარმოუდგენელია. ეს ის დროა, როცა მოსკოვის სამთავროს პოლიტიკური საზღვრები არ იძლევა დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობას. მას ამ ეტაპზე არცერთ ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობის პირობებში კი შუა საუკუნეებისას მსოფლიო პოლიტიკაში რაიმე სერიოზული როლის შესრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია. 

რატომ შეხვდა გულგრილად კონსტანტინოპოლი ივანე მესამის პოლიტიკურ ქორწინებას 

ეს მოსკოვის მთავრის ივანე მესამის პოზიციიდან დანახული რეალობაა, ანალოგიურად ჩანს ეს თემა ოსმალეთის პრიზმიდან. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ პორტასთვის მოსკოვის სამთავრო არ მოიაზრება სერიოზულ ძალად, ესეც სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც არასახარბიელო გეოსტრატეგიული მდებარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსკოვის სამთავრო, თუნდაც მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული, კონკრეტული რეალობისას ოსმალეთის საპირწონე ძალად იქნას აღქმული, ამიტომაც ივანე მესამისა და სოფია პალეოლოგის ქორწინებამ სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 

ამ ქორწინების პოლიტიკური ასპექტი განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვს სოფია პალეოლოგის ძმა ანდრეი ეწვია. ეს ვატიკანის დავალებით ხდება. სწორედ ვატიკანის დავალებით სურს ივანე მესამის დაყოლიება - მომგებიანად გაასაღოს კონსტანტინოპოლის ტახტისა და ძველი კეისრების პოლიტიკური მემკვიდრეობის უფლებები. 

ამ ფონზე კავკასიონის მიღმა აშკარად იკვეთება - ანტიოსმალური მოძრაობა ქართული პოლიტიკური სამეფო სამთავროებისათვის ყოფნა-არყოფნის საკითხი ხდება... 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×