ბებერი კონტინენტის ოსმალური დილემის სათავეებთან
მამუკა ნაცვალაძე
01.10.2022

ოსმალეთის განეიტრალების რუსულ-ავსტრიულმა გეგმამ, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი, ფაქტობრივად განსაზღვრა XVIII ს-ის 60-90-იანი წლების ევროპის პოლიტიკური პროცესები. ამ კონცეპტუალურ პარადიგმებზე ააწყო საგარეო თუ საშინაო  პოლიტიკა ერეკლე მეორემ, შესაბამისად პატარა კახის შეფასებისას ამ პროცესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ბერძნულ პროექტს საკმაოდ გამოკვეთილი ისტორიული წანამღვარი გააჩნდა, რადენადაც გრანდიოზული ანტიოსმალური პროექტის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე მსოფლიო ჯერ კიდევ  XV ს-ის 60-იანი წლებიდან აღმოჩნდა. მსოფლიო ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი ურთულესი პრობლემა, რომელის აქტუალობაც სამ ასეულ წელზე მეტი და რომელიც 1923 წლამდე შენარჩუნდა.

ბერძნული პროექტი სწორედ ამ ეპოქალური პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს, შესაბამისად, ამ გრანდიოზული გეგმის ისტორიულ წანამძღვრებში იკვეთება სამი თემატური პლასტი:  

1. მოსკოვის სამთავროს საერთაშორისი ფუნქციის გასაზღვრა;

2. ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობის საკითხი და მოსკოვი მესამე რომის თეორიის გამოყენება საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიად;

3. მოსკოვის სამთავროს საერთაშორისო სისტემის სუბიექტად აღიარების პრობლემა.

საგულისხმოა, რომ სამივე პლასტი ორგანულად უკავშირდება ოსმალეთის იმპერიის მიერ შექმნილ პრობლებებს, რამდენადაც: 

1. მოსკოვის სამთავროს საერთაშორისო ფუნქციის განსაზღვრა უშუალოდ მიბმულია მართლმადიდებლური სივრცის დომინანტის სტატუსთან, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ბიზანტიის იმპერიის ქრიატიანული მოსახლეობის მართლმადიდებლურ სივრცეში მოქცევას, 

2. ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობის საკითხი და ე.წ. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ოსმალეთის იმპერიასთან საბრძოლო ბატალიებს, 

3. რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო სისტემის სუბიექტად აღიარების პრობლემა უშუალოდ გულისხმობს კონსტანტინოპოლისა და მისი მიმდებარე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სრუტეების - ბოსფორისა და დარდანელის კონტროლს, რასაც ისევ ოსმალეთთან დაპირისპირებამდე მივყავართ.

კონსტანტინოპოლის ოსმალიზაციის უმძიმესი შედეგები

1453 წლის 29 მაისმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ისტორია. კონსტანტინოპოლის დაცემით მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო. ამ მოვლენამ სულ სხვა რელსებზე გადააწყო ის ტენდენციები, რითაც იმ პერიოდის ევროპის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება იღებდა საზრდოს. კარგად ჩანდა ოსმალეთი ბიზანტიაზე არ შეჩერდებოდა, უახლოეს ხანში მისი სამიზნე თავად ევროპა გახდებოდა.

ბიზანტიის იმპერიის დაცემას მოჰყვა კულტურული ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში. კონსტანტინოპოლის დაპყრობით ოსმალებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ევროპულ საქალაქო ცხოვრებას.

კონსტანტინოპოლის აღებით გაწყდა ის რგოლი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა, რამდენადაც სწორედ ბიზანტიის დედაქალაქი გახლდათ ის ბოლო პუნქტი, სადაც პეკინიდან დაძრული ქარავნები მოდიოდნენ და მოჰქონდათ ეგზოტიკური საქონელი. ეს საქონელი კონსტანტინოპოლიდან გენუელ ვაჭრებს გაჰქონდათ ევროპაში.

გენუელი ვაჭრების გავლენის ხარისხი საკუთარ თავზე იწვნია ბიზანტიამ ჯერ კიდევ 1204 წელს, როცა სწორედ იტალიელების დაკვეთით მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის სამიზნე გახდა არა იერუსელიმი, არამედ კონსტანტინოპოლი, რაც არათუ ჯვაროსნული ლაშქრობების, არამედ მსოფლიო ისტორიაში დღემდე ყველაზე ალოგიკურ ფაქტად რჩება.

კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ოსმალეთის იმპერიის აგრესია მისწვდა არაერთ სტრატეგიულ ადგილს. ასე აღმოჩნდა ოტომანთა ხელში ბოსფორისა და დარდანელის სრუტე, შავი და ხმელთაშუა ზღვა, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სტრატეგიული მაგისტრალები.

ოსმალეთის, როგორც აგრესიული სახელმწიფოს შექმნა ევროპისა და აზიის მიჯნაზე ნიშნავდა იმას, რომ მთელი ევროპა და აზია აგრესიის საფრთხის წინაშე იდგა, რამაც თავის მხრივ ბიძგი მისცა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების ძიების პროცესს, რაც დასრულდა ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებით.

როგორ აღმოჩნდა ქრისტიანული ევროპა ყოფნა-არყოფნის წინაშე

ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების მეშვეობით მეტ-ნაკლებად აღდგა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალი, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა იმას, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს აცხადებდნენ საუკუნეების განმავლობაში ნაცადი სახმელეთო მაგისტრალების აღდგენაზე,  სწორედ ამ გეგმას ითვალისწინებს  XVI-XVII საუკუნეში შემუშავებული ოსმალეთის იმპერიის დაშლის იდეა, რომელიც სხვადასხვა მოდულაციით დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტრიკისთვის აქტუალური რჩებოდა სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.  

საგულისხმოა, რომ თავის მხრივ ოსმალეთის იმპერიას საკმაოდ აგრესიული გეგმები გააჩნია ევროპის მიმართ, რამაც ბებერი კონტინენტი თვისებრივად ახალი რეალობის წინაშე დააყენა. მთავარი სამიზნე ავსტრიაა, რომლის დედაქალაქი ვენა ორგზის 1529 და 1683 წლებში მოაქციეს თურქებმა ალყაში.

1683 წლის მარცხი ვენასთან თურქეთის იმპერიის დაღმასვლის დასაწყისი გახლდათ, თუმცა , ისიც საცნაურია, რომ  ეს პროცესი ევროპელთათვის სასურველი ტემპით სრულიადაც არ მიმდინარეობდა, სწორედ ამით აიხსნება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის პოლიტიკური აქტუალური მოვლენების ჩამონათვალში რომ დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად რჩება ოსმალეთის საკითხი.

როგორ იქცა ბოსფორი და დარდანელი საფრანგეთისა და ინგლისის სამიზნედ

მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ინგლისისა და საფრანგეთის ექსპანსია ოსმალეთის წინააღმდეგ. მათი სამიზნე სწორედ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებია, რაც მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების დინამიკის რეგულაციების უმთავრესი საშუალებაა.  დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის აგრესიის ობიექტი გახლდათ ავსტრიის იმპერია, უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად სწორედ ავსტრია გრძნობდა ოსმალეთის პოლიტიკურ აგრესიას ყოველდღიურ ფორმატში, ამიტომაც  თავად ავსტრიაც აცხადებს პრეტენზიას ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე. ეს მორიგი ფრაგმენტებია იმ ტრადიციული აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებისა, რომელიც ძველი მსოფლიო ისტორიისა და შუა საუკუნეებისას ცივილური  სამყაროს განვითარებას წითელ ზოლად გასდევს. 

ეს ყველაფერი იწყება აქემენიდებისა და ბერძნული სახელმწიფოების ურთიერთჭიდილით. გადის საუკუნეები და ყველაფერი მეორდება, თუმცა, იცვლებიან მოქმედი პირები. ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოები ასპარეზს უთმობენ რომს, აქემენიდები კი პართიას. მეოთხე საუკუნიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმირება ხდება - რომის იმპერიის ადგილს ბიზანტია იკავებს, აღმოსავლეთში კი სასანიანები ძლიერდებიან. 

მას შემდეგ რაც ბიზანტიის იმპერია დაეცა, დასავლეთი იწყებს ტრანსფორმაციის ახალი საფეხურის ძიებას, ეს არის მცდელობა ქრისტიანულმა ძალამ ახალი დასაყრდენი ნახოს. რომის პაპის სამწყსო საკუთარ ამბიციებს არ ააშკარავებს, ის ტაქტიკურად მოქმედებს და ცდილობს უშუალო დაპირისპირებას თავი აარიდოს. 

სწორედ ამ კონტექსტში ხდება საინტერესო ევროპისათვის მზარდი სახელმწიფო რუსეთი, რომელიც აღმოსავლეთთან დაპირისპირებისათვის სწორედაც რომ საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია. რომის პაპის სამწყსომ სწორედაც რომ რუსეთი უნდა დაუპირისპიროს მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ოსმალეთს, რომელმაც მთელი ევროპა შეაზანზარა. 

ვატიკანის ეს კონკრეტული გათვლა ერთგვარი პრევენციაა მოსალოდნელი მოვლენათა განვითარების წინააღმდეგ, რაც მას არაფერს სასიკეთოს არ უქადის. 

როგორ გახდა მოსკოვის სამთავრო ვატიკანის ჯილა

მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესები ერთგვარი დინამიურობით გამოირჩა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა შეუქცევადი პროცესია, ოსმალთა აგრესია, რომელიც ოთხიოდე ათეული წლის წინ თემურ ლენგმა შეაჩერა, შეაზანზარებს სამყაროს. სულ მალე კონსტანტინოპოლის მარცხს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განსხვავებული მიმართულებით გადატანა მოჰყვება შედეგად.

ახალი პოლიტიკური წესრიგი ახალ მონაწილეებსაც გულისხმობს. მსოფლიო პოლიტიკურ ორომტრიალში ვატიკანი რუსეთის ჩათრევას ლამობს, სწორედ რუსეთი აქცია დასავლეთმა ოსმალეთის სამიზნედ, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა - ეს წინასწარ კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლაა. ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნისას 20-იანი წლებიდან ჩანს, რომ ოსმალურ შეტევებს ძნელად თუ გაუმკლავდება ევროპა, რომ ბებერი კონტინენტი სრული ისლამიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება მალე. 

ამ საშიშროების თავიდან აცილებას კი ფილიგრანული დიპლომატიური სვლები სჭირდება, სწორედ ამ კონტექსტში გახდა აქტუალური მსოფლიოსათვის მოსკოვის სამთავრო, საკმაოდ უპრეტენზიო პოზიცია, რომ უკავია და იმ ხანად მხოლოდ სრულიად რუსეთის გაერთიანებაზე რომ არის ორიენტირებული.

ამბავი ქრისტიანული კონსტანტინოპოლის ბოლო ღამისა

სანამ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე წონადი ფიგურა გახდება, მანამდე ბიზანტიის იმპერიას ნამეტანი მძიმე დღეები უდგას. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადარჩეს, ის თავის დაუძინებელ მტერთან ვატიკანთან თანამშრომლობაზეც თანახმაა. თავის მხრივ, ვატიკანი და რომის პაპი ყველა ზომასა და ხერხს მიმართავს საკუთარ მარწუხებში მოაქციოს ბიზანტია. 

აღმოსავლეთ ქრისტიანული ცენტრი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ შეინარჩუნოს არსებობა... ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მან სრული კარტ-ბლანში ვატიკანს დაუთმო.

1453 წლის 29 მაისს მოხდა ის, რასაც თავად ვატიკანიც კი მტკივნეულად შეხვდა. კათოლიკური სამყარო მიხვდა, რა მძიმე შეცდომა დაუშვა ბიზანტიასთან მუდმივი ქიშპობითა და დაპირისპირებით. ვატიკანის გამარჯვება ნამეტანი წააგავდა ანტიკური ხანის პიროსის გამარჯვებას, დამარცხების კლასიკურ სიმბოლოდ რომ იქცა ადამიანთა ცნობიერებაში. 

ვატიკანი მზადაა დათმოს პოლიტიკური პირველობა მართლმადიდებლურ სამყაროსთან, ესეც ლოგიკურია, რამდენადაც ბიზანტიის იმპერიასთან მისმა მრავალსაუკუნოვანმა ძიძგილაობამ მოიტანა სწორედ ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქრისტიანოს საყრდენი გამოეცალა - ეს იყო იმ პოლიტიკის შედეგი, თავად რომი რომ აწარმოებდა კონსტანტინოპოლის მიმართ საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით მძიმედ შემორჩა ქრიატიანების მეხსიერებას 1204 წლის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, გენუელი ვაჭრების დაკვეთით ევროპელებმა რომ იერუსალიმის მაგივრად სამიზნედ კონსტანტინოპოლი გაიხადეს და სისხლის კალო რომ დაატრიალეს ბიზანტიის დედაქალაქში. ეს ვანდალობა მართლმადიდებლურმა სამყარომ ვერაფრით დაივიწყა. მხოლოდ კონსტანტინოპოლის დაცემის ბოლო დღეს, 1453 წლის 29 მაისს მიხვდა რომი რომ მეჰმედ მეორის გამარჯვება მისთვის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო, არადა, მოვლენები იმგვარად შეუქცევადი და ისე შორს წასული გახლდათ, ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებდა. 

ძალიან გვიან მიხვდა რომი თავის შეცდომას.  ეს განწყობა ნათლად ჩანს მთელი მეთექვსმეტე საუკუნისას, ბუნებრივია, ახლა გამოსავალი უნდა მოინახოს, რათა ევროპამ ოსმალთა აგრესია რამენაირად შეაჩეროს. 

იმედად მოსკოვის სამთავრო რჩება, რომელიც ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრის სტატუსით უნდა დაუპირისპირდეს ოსმალეთს. 

წინ დიდი ვატიკანური იწილო-ბიწილოებია, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ერთმორწმუნოების თემა მხოლოდ პოლიტიკურ შანტაჟის ფორმატში არის აქტუალური...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×