ელზა პაპოშვილი
16.09.2022

კიევში, ქართველი ბიზნესმენის ლიკვიდაციის ბრალდებით ქილერი დააკავეს. საქმე 2019 წლის დეკემბერში ჩადენილ დანაშაულს ეხება. ნიკოლოზ დავითაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ჩეჩენი ეროვნების, 39 წლის შარხან გაკაევია მხილებული. 

არყის მაგნატად ცნობილი ბიზნესმენი კიევის ოლქში 2019 წლის 26 ნოემბერს გაუჩინარდა. როგორც მისი ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანს“ უყვება, დღემდე უცნობია მისი მკვლელობის მოტივი და დამკვეთის ვინაობა. ერთ-ერთი ვერსიით ჩეჩნები მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.   

ნიკა დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და 2 დეკემბერს მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს. 

როგორც კიევის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ირკვევა,  დავითაშვილი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს. თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ პოლიცია მათი დახმარებით გავიდა ქილერის კვალზე. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ უკვე მოკლული ბიზნესმენის ცხედრის გატაცება და ჭაში ჩაგდება ჰქონდათ დავალებული. 

„დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქილერმა მოკლა. მანქანის სავარძელს ნატყვიარი ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომმა პირმა ესროლა. შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ღრმა ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის აუცილებლად იცნობდა. რადგან ის უცნობ პირებს ავტომობილში არ ჩაუჯდებოდა. 

დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ჩანაწერში კარგად ჩანს, სასტუმროდან გამოსული ნიკა დავითაშვილი როგორ უახლოვდება მამაკაცებს. რამდენიმე წუთს ესაუბრება, შემდეგ ჯდება მანქანაში და მიდიან. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაჰყვა მათ, უცნობია. 

ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელიც შესაძლოა ერიოს და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩენი ქილერი  უბრალო  შემსრულებელი იყოს, ახლა ყველაფერი იმაზეა  დამოკიდებული თუ რას იტყვის. შესაძლოა მკვლელობა ბიზნესსაც უკავშირდებოდეს და ვიღაცამ ეს კონკურენტის თვაიდან მოსაშორებლად ჩაიდინა", - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი. 

ქილერის დაკავების კადრებს კი კიევის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ანდრეი ნებიტოვი სამართალდამცველებს წარმატებული სპეცოპერაციისთვის მადლობას უხდის. ბრალდებული, რომელიც 2020 წლიდან ინტერპოლით იძებნებოდა, კიევის იზოლატორში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ქართველი ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის შარხან გაკაევს უვადო პატიმრობა ემუქრება.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×