თამთა ჩაჩანიძე
23.04.2021

ამ ეტაპზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს, სწორედ ამიტომ შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება და ამ ეტაპისტის მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან წინასააღდგომოდ საზოგადოებას კიდევ ერთხლ მოუწოდა, რომ დიდ თავყრილობებს თავი აარიდონ და რეკომენდაციები დაიცვან, რათა ეპიდვითარება ქვეყანაში უმართავი არ გახდეს.

„პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და ამით გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის საუბარი.

„ერთადერთი მთავარია, რომ რაც არის დაწესებული, იმის მიმართ იყოს მაქსიმალური დაცვა და ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა რა 200-კაციანი სუფრა. იქიდან იწყება ძალიან ბევრი რამ. თავი შევიკავოთ ასეთი თავშეყრისგან, ეს არის დიდი თხოვნა. დღეს ვირუსის ახალ შემთხვევებს მართავს ჯანდაცვის სექტორი. არ გვინდა. რომ ავიდეთ, ორ-სამ და ოთხი ათას შემთხვევაზე. ამიტომ, ყველას გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამბობს, რომ საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიდის, რათა აღდგომის დღესასწაულის სარიტუალო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართოს.

„საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები. ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობია, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარია თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა.

მან ვაქცინაციის საკითხზე დეტალურად ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, იმუნიზაცია კი „ყველაზე დიდი სიკეთეა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია".

„შარშან, როცა ეპიდემია დაიწყო, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამიზნე იყო ჩვენთვის. რამდენიმე სერიოზული კლასტერი გვქონდა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მაშინ ღირსეულად გავართვით თავი ამ ყველაფერს. წელს სხვა რეგიონებთან შედარებით აქ უფრო მეტი სიმშვიდეა და ყველაფერი მართვას ემორჩილება, თუმცა პრევენციული ღონისძიებები გასაძლიერებელია: პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრების არიდება და ა.შ. დღეს იყო მუნიციპალიტეტების მერებთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებთან შეხვედრა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ.

„მე-2 მთავარი საკითხი დღეს ვაქცინაციის გააქტიურებაა, რამეთუ ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%. დღევანდელი მონაცემებით, 35,000-მდე ადამიანია აცრილი. გუშინ გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 24 საათის განმავლობაში 1,600-მდე ადამიანი აიცრა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„იმუნიზაცია ქვეყნის ეკონომიკის გახსნის გასაღებია, ჩვენი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქ ჟურნალისტები ბრძანდებით, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, რაც მეტს ვისაუბრებთ წელს იმუნიზაციის შესახებ, რაც მეტ ადამიანთან მივიტანთ ინფორმაციას,რომ სწორედ იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე დიდი სიკეთე, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია.

„დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში 24 საათში კოვიდ პანდემიით 11 ადამიანი დაგვეღუპა, მსოფლიოში 950 მილიონი ადამიანია აცრილი, სამწუხაროდ, მსოფლიოში დაღუპულია 3 მილიონი ადამიანი. ამიტომ, ამას აცრების გარდა ვერაფერი გააჩერებს. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×