რა სიახლეებს სთავაზობს იბსუ აბიტურიენტებს და როგორ უმკლავდება პანდემიას -ინტერვიუ რექტორთან
თამთა ჩაჩანიძე
28.03.2021

„იბსუ მუდმივად ზრუნავს აკადემიური გარემოს განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას. სხვადასხვა პროგრამით წელიწადში 80-ზე მეტი სტუდენტი მიდის ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში, 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი კი შიდა სასწავლო გრანტით სარგებლობს“, _ ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) რექტორი საფფეთ ბარაქთუთანი, რომელმაც პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებსა და აბიტურიენტებისთვის საინტერესო სხვა თემებზე გვესაუბრა.

„მთელი კვირა“: კოვიდ-19-ის პანდემია ბევრი სფეროსთვის სერიოზული გამოწვევა იყო. როგორ გაუმკლავდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ გამოწვევას? იყავით მზად ონლაინ სწავლებისთვის?

საფფეთ ბაირაქთუთანი: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულიად მზად შეხვდა არსებულ გამოწვევას, გადასულიყო ონლიან სწავლებაზე. ამ პროცესში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობის გარდა, დაგვეხმარა ტექნიკური მზაობა - უკვე წლებია, IBSU აქტიურად ნერგავს „გუგლის“ ლიცენზირებულ პლატფორმებს სასწავლო პროცესში, ამიტომ ლექციები ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. 

პანდემია არის ნამდვილი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ _ გლობალურად, რომელმაც არაორდინალურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, თუმცა ბევრი ახალი რამ გვასწავლა. აღსანიშნავია, რომ, პანდემიის პერიოდში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

„მ.კ.“: როგორც ვიცით, ახლა სწავლება უნივერსიტეტში მიდის შერეულ რეჟიმში. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

ს.ბ: მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებს მიენიჭათ უფლებამოსილება, აერჩიათ მათთვის სასურველი სწავლების ფორმატი - აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით, უნივერსიტეტმა შეარჩია სწავლების შერეული მეთოდი და 15 მარტიდან სწავლას განაგრძობს აღნიშნულ ფორმატში - ნაწილი სტუდენტებისა ესწრება აუდიტორიებში, ნაწილი ონლაინ განაგრძობს, სურვილისამებრ.

„მ.კ“: რა პრობლემები იყო და როგორ გაუმკლავდით მათ?

ს.ბ: გარდა იმისა, რომ კამპუსი სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტს და გავიარეთ შრომის ინსპექციის სამსახურის შემოწმება - გადამზადდა პერსონალი, მოდიფიკაცია განიცადა ცხრილებმა, შესაბამისად მომზადდა აუდიტორიები - ამ ეტაპზე გადასვლაც შეფერხების გარეშე მოხდა, რაც მეტად გვახარებს.

„მ.კ“: როგორ ემზადებით მომავალი სასწავლო წლისთვის? რა სიახლეებია თქვენს სასწავლებელში?

ს.ბ: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლესთან ერთად, გამოირჩევა საერთაშორისო კონტაქტებით. მუდმივად ვაღრმავებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, ვიძენთ ახალ საქმიან პარტნიორებს და ამ კუთხით კვლავ იგეგმება მუშაობის გააქტიურება. ჩვენ გათამამებული ვიყავით უცხოეთიდან მოწვეული ლექტორების სიმრავლით, რაც ვფიქრობ, პანდემიის დასრულებასთან ერთად განახლდება. 

კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასთან ერთად, მუდმივად ვცდილობთ, სტუდენტისთვის სასურველი და მასზე მორგებული გარემო უზრუნველვყოთ. იმედი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წელი მეტად მშვიდობიანი იქნება და საუნივერსიტეტო ცხოვრება სრულფასოვნად აღდგება.

„მ.კ“: როგორი წახალისების სისტემები მოქმედებს თქვენთან? ვგულისხმობ სასწავლო გრანტებსა და დაფინანსების სქემებს, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს და ა.შ.

ს.ბ: იბსუ მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდების ერთგვარი საბადოა, რასაც, მაღალი ხარისხის განათლებასა და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს გარდა, განაპირობებს არაერთი შიდა გრანტი. ეს იქნება მედალოსნებისთვის დაფინანსება, FLEX-ის პროგრამაში მონაწილეთათვის, სახელმწიფო გრანტის მფლობელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის, ეროვნულ-სასწავლო ოლიმპიადის მონაწილეებისათვის და სხვ. ამასთან, უნივერსიტეტში მოქმედებს სასტიპენდიო სისტემაც.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ჩვენს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. სხვადასხვა პროგრამით წელიწადში 80-ზე მეტი სტუდენტი მიდიოდა ევროპის, აზიისა თუ ამერიკის უნივერსიტეტებში. იმედი გვაქვს, რომ პანდემიის შემდეგ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არაერთ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ყოველწლიურად, რომლებიც იმართება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„მ.კ“: რას გულისხმობს იბსუ-ის სასკოლო ოლიმპიადა და როგორ ჩატარდა ის ონლაინ რეჟიმში?

ს.ბ: იბსუ-ის სასკოლო ოლიმპიადა დიდი ინტერესით სარგებლობს აბიტურიენტებში. წლიდან წლამდე მასში მონაწილეთა რაოდენობა მზარდია, რაც გვარწმუნებს, რომ პროექტი წარმატებულია. მეორე წელია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოლიმპიადა ონლაინ ტარდება. პროექტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მოიპოვონ დაფინასება, როგორც სრული, ისე ნაწილობრივი. ამ წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია - ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, 1 000-ზე მეტი აბიტურიენტი ისარგებლებს შიდა სასწავლო გრანტით.

„მ.კ“: თქვენ უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოღვაწეობთ. როგორ შეაფასებდით სტუდენტების მომზადებასა და მოტივაციას ადრე და ახლა?

ს.ბ: უკვე 24 წელია, რაც აქ ვცხოვრობ, ვსწავლობ და ვსაქმიანობ. ჩემი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ითვლის 16 წელს მმართველობით პოზიციებზე. ამჟამად ვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რიგით მე-5 რექტორი და ეს პოზიცია დავიკავე პანდემიით გამოწვეულ საკმაოდ რთულ პერიოდში.

იბსუ მუდმივად ზრუნავს  აკადემიური გარემოს განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას.  ამდენად, ჩვენ ყოველთვის განებივრებულნი ვიყავით და ვართ წარმატებული, გონიერი და მიზანდასახული ახალგაზრდა თაობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×