
კახეთში სისხლიანი დაპირიპირება, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, შს სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დააკავეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მცხორებლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით თავდასხმის მიზეზი შურისძიება გახდა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მალხაზ ბადუაშვილს მისივე თანასოფლელები თავს დაესხნენ. ისინი შურისძიებას ვანო ტორიაშვილის მკვლელობის გამო ცდილობდნენ. ტორიაშვილი 16 წლის წინ მოკლეს და ეს დანაშაული მალხაზ ბადუაშვილს დაბრალდა. მან ციხეში 15 წელი გაატარა. სწორედ ტორიაშვილის ბიძაშვილები არიან დაკავებულები.
თავდამსხმელებს ბადუაშვილის მოკვლა სურდათ, თუმცა შემთხვევით, მისი მუშა, 41 წლის იმედა ჩიქობავა მოკლეს. ის ბადუაშვილის ავტომობილს მართავდა, თავად ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი კი მის გვერდით იჯდა. ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი უკან იჯდა. დამნაშავეებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს და ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მძღოლმა თანამგზავრები სამშვიდობოს დაჭრილმა გაიყვანა. რამდენიმე კილომეტრის სიარულის შემდეგ კი გარდაიცვალა. დაჭრილი ბადუაშვილი და მისი თანამგზავრები ავტომობვილიდან გადმოხტნენ და გაიქცნენ. დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა.
დაკავებულები არიან ალექსანდრე და ჯუანშერ ტორიაშვილები, რომლებიც მალხაზ ბადუაშვილის მოკვლას პირველად არ ცდილობდნენ. მასზე თავდასხმა ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მათ გურჯაანის სავაადმყოფოში სცადეს. ბადუაშვილი მაშინაც გადარჩა. მხოლოდ საავადმყოფოს ფანჯრების დაცხრილვა მოხდა.
16 წლის წინ მოკლული ვანო ტურიაშვილის მამა კონკრეტულად ვერ ამბობს - იყო თუ არა ეს შურისძიება მისი ნათესავების მხრიდან, თუმცა ამ ფაქტს არც გამორიცხავს. მისი თქმით, ბადუაშვილმა მისი შვილი დაუნდობლად მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მან ადგილობრივების შეწუხების გამო შენიშვნა მისცა. სთხოვა, რომ ხალხი აღარ შეეწუხებინა. მან კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და თვალით ამის შემდეგ არ უნახავს.
„ჩემი შვილი იყო პატიოსანზე პატიოსანი და ასე დაუნდობლად მომიკლა. უშლიდა, სოფელს ნუ აწუხებო, მან კიდევ აიღო და დაცხრილა, დაუნდობლად მოკლა. უთხრა კაკო ყაჩაღივით დადიხარ, სოფელს ნუ აწიოკებო და ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმა. დამტოვა ასე უპატრონოდ და გაუბედურებული. ბრალი დაუმტკიცდა და 15 წელი ციხეში იჯდა. რაც ციხიდან გამოვიდა, თვალითაც არ დამინახავს. გარეთ არ გამოდიოდა. არ ვიცი ჩემი ძმისშვილები არიან თუ არა დამნაშავეები, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მისი მოკვლა შურისძიების მიზნით ეცადათ. შვილი მომიკლა, ვიღაცა კი არა. ეს არის არაკაცი, რომელსაც სამუდამო უნდა ჰქონდეს მისჯილი და გარეთ საერთოდ არ უნდა დადიოდეს. ვინ გამოუშვა ცივსისხლიანი მკვლელი? ახლა ჩვენ უნდა დაგვხოცოს? თავადაც ხომ კარგად იცის ვინ დასდევს,“ - აღნიშნა ვანო ტურიაშვილის მამამ.
ადგილობრივებიც არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა 16 წლის წინ მომხდარ ფაქტს ეხებოდეს. თუმცა წუხან, რომ ამის გამო უდანაშაულო 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალაა. მათი თქმით, ბადუაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეზობლებთან არ კონტაქტობს, ამიტომაც არ იციან, ვინ დასდევს და რატომ. თუმცა წლების წინ მომხდარ მკვლელობას იხსენებენ და არ გამორიცხავენ, რომ ნათესავებმა სისხლის აღება სცადეს.