
არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ, აცხადებს „რეზონანსთან“ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე და ამატებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს.
„მნიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ. ჩართული იქნება ყველა საერთაშორისო დონეზე - ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და ა.შ. მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ,“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ზოიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში პანდემიით შექმნილი კოშმარული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ კოშმარული სიტუაციიდან, რაც შექმნა პანდემიამ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, და მეორე, რომ ვაქცინისგან მოსალოდნელი სარგებელი ბევრ ათასეულჯერ აჭარბებს იმ რისკს, რაც არ უნდა ტრაგიკული გამოხატულება გვქონდეს ჩვენ ამ რისკის რეალიზაციისა, რაც იყო ჩემი ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ.
იმავდროულად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს პანდემიით დაღუპულ ადამიანებში. სანამ არ მოხდება ვაქცინაციით 60-70%-ით ჩვენი მოქალაქეების მოცვა, ყოველდღე უნდა ველოდოთ, რომ 10, 15, 20, ღმერთმა დაგვიფაროს როგორც ეს დეკემბერში იყო, ამდენი რაოდენობით ადამიანი დაიღუპება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.