ელზა პაპოშვილი
25.03.2021

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ეს არის -70 გრადუსი, ამიტომ ის მხოლოდ 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 6 კლინიკაზე გადანაწილდება. ჩამოსულია 29 250 ათასი დოზა, რაც 14 ათას ადამიანს ყოფნის, რადგან აცრა ორჯერ კეთდება.

„ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი თავად გააკეთოს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ ვაქცინაციის რიგის დაჯავშნა, შეუძლიათ მივიდნენ ვაქცინაციის პროცესში მონაწილე 24 კლინიკაში და იქ  ადგილზე მიეხმარებიან რეგისტრაციის გავლაში:

„პორტალზე დღეს 406 ადამიანი იყო ახალი დაფიქსირებული, აქედან, 65 წელს ზემოთ -371. მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, რომ მხოლოდ პორტალით ნუ შემოიფარგლებიან, მათ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს მინდა ვთხოვო მიეხმარონ დარეგისტრირებაში. გარდა ამისა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ იმ 24 კლინიკაში მივიდნენ, სადაც არის ვირტუალური კაბინეტები და ადგილზე მიეხმარებიან მათ, ვისაც წინასწარ დაჯავშნა არ შეუძლიათ. იქ დააჯავშნინებენ შესაბამისად და ცოცხალი რიგიც იქნება,“ - განაცხადა გამყრელიძემ. 

კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ამის შესახებ ხუთშაბათს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია სავარაუდოდ მე-3 ან მე-4 კვარტალში დაიწყება.

„საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრაციის სიაში მყოფ ადამიანს ახლავე შევთავაზებთ ვაქცინას, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მესამე, მეოთხე კვარტალში, ასეა გეგმის მიხედვით განსაზღვრული,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინების დამატებით დოზებზე, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „სინოფარმი“ და „სინოვაქსის“ შემოტანაზე მას შემდეგ, რაც ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. ასევე მეორე კვარტალში იგეგმება „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით „ნოვავაქსის“, ხოლო მესამე კვარტალში „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინების შემოტანა.    

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ  განაცხადა, რომ თუ ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ვაქცინაცია ამ ეტაპზე შეუძლია და არ დარეგისტრირდა პორტალზე, დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია და აიცრება მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ვაქცინას ენდობა.

„ჯერ მაინც ვცდილობთ, გავყვეთ რისკის პროფილის წინასწარ დადგენილ ჯგუფებს, თუმცა თუ შევხედავთ, რომ აქაც არ იყო აქტივობა, რა თქმა უნდა, მეტი გახსნილობა იქნება, რომ მოსახლეობის ის კატეგორია აიცრას, რომელიც ვაქცინაციას ენდობა. 

ამის პარარელურად გაგრძელდება აქტიური მუშაობა მაღალი რისკის ჯგუფებთან. ნდობა მოსახლეობაში უნდა გაიზარდოს. დღეს მაღალი ჩართვა არ არის, ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი დარეგისტრირდებოდა და ჩაერთვებოდა პროგრამაში, თუმცა ასე არ მოხდა,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვები დაისმება.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დოზები, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.

„მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ. 

ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ცნობადი სახეებიც ჩართონ. უკვე 100-მდე ადამიანმა გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. 

„ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ამ შემთხვევაში მაგალითის ძალა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ცნობადი სახეების ჩართულობა, უკვე 100-მდე ადამიანი გამოგვეხმაურა და გამოხატა ინტერესი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს. შესაბამისად, დაიგეგმება ამ ტიპის საპრომოციო აცრები ისე, რომ ცნობადი სახეების ვაქცინაცია საჯაროდ მოხდეს,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ კოვიდ-ვაქცინებზე მუშაობა, დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს არ არის ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა. 

„უბრალოდ ბოლო წელიწადში დაჩქარდა მასზე მუშაობა იმისა გამო, რომ ვაქცინის შექმნის აუცილებლობა დადგა და უფრო მეტი თანხები ჩაიდო ამაში. ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვხედავთ, მაგალითად ისრაელის მაგალითზე, რომ მცირდება ინფიცირების შემთხვევები, მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების შემთხვევები. სწორედ ვაქცინა გვჭირდება ახლა ჩვენ, რომ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება,“ - აცხადებს ზაზა წერეთელი. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით კი  ვაქცინაციის დღევანდელი ტემპით სასურველი შედეგის მიღწევა 10 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი, მომავალში აუცილებელია ვაქცინაცია არამხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდეს.

„გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში იყოს ვაქცინაცია, თუმცა შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გვინდა, რომ ვაქცინაციამ გავლენა მოახდინოს და ჩვენი ქვეყანა უკან-უკან არ წავიდეს და არ ჩამოგვეშალოს ქვეყანა, 300-400 ადამიანის აცრით სასურველ შედეგს 10 წელიწადში მივაღწევთ, სწორედ ამიტომ ვერ იქნება ვაქცინაცია მხოლოდ მაღალპროფილურ კლინიკებში,“ - განაცხადა კულუმბეგოვმა.  

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძეც აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს. 

„მნიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ. ჩართული იქნება ყველა საერთაშორისო დონეზე - ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და ა.შ. მივაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ,“ -აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

ზოიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში პანდემიით შექმნილი კოშმარული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ კოშმარული სიტუაციიდან, რაც შექმნა პანდემიამ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, და მეორე, რომ ვაქცინისგან მოსალოდნელი სარგებელი ბევრ ათასეულჯერ აჭარბებს იმ რისკს, რაც არ უნდა ტრაგიკული გამოხატულება გვქონდეს ჩვენ ამ რისკის რეალიზაციისა, რაც იყო ჩემი ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ.

იმავდროულად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს პანდემიით დაღუპულ ადამიანებში. სანამ არ მოხდება ვაქცინაციით 60-70%-ით ჩვენი მოქალაქეების მოცვა, ყოველდღე უნდა ველოდოთ, რომ 10, 15, 20, ღმერთმა დაგვიფაროს როგორც ეს დეკემბერში იყო, ამდენი რაოდენობით ადამიანი დაიღუპება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×