
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დადებითად აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დარჩეს პოლიტიკაში და შექმნას ახალი პარტია - დარწმუნებულია, რომ თავისი ავტორიტეტით გახარია წარმატებას მიაღწევს.
გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე უნდობლობით უყურებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნება მართული, რომ იგი ივანიშვილს სარეზერვო ფიგურად გამოჰყავს, რათა მის ყულაბაში ჩაყაროს ხმები. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ თუ გახარიას ოპოზიციის ნიშა უნდა რომ დაიკავოს, მაშინ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
"თვითონ ოპოზიციას აქვს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი, ვისი არიან, ვისთან არიან და ვის დავალებებს ასრულებენ და შემდეგ მოჰკითხონ გახარიას პასუხი. ისე, როგორც მე ვხედავ ჩემი მეზობელი თამარა ვასილევნაც ვიღაცისგან არის მართული...
"რაც შეეხება გახარიას პოლიტიკაში დარჩენას, ის არსაიდან არ გადამდგარა, ძალიან ჭკვიანი კაცია, ძლიერი სახელმწიფო მოხელე და ბრწყინვალედ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
"ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, განსაკუთრებით სამეგრელოში. მეგრელები ადრე მარტო ბერიას იფიცებდნენ, ახლა იფიცებენ დედას და გახარიას - იმხელა ავტორიტეტი აქვს.
"მე პირადად მის ჭკუას და გონებას დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება იმას, ვისთან ერთად შექმნის ახალ პარტიას, არ ვიცი;
"ჩემზე კარგად იცით ვინ არის მთავარი სცენარისტი და დირიჟორი, როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი, არანაირი გადახვევა სცენარიდან. ბაბუაჩემი ვანო და ბებიაჩემი თამარა რომ არ არიან სცენარისტები, ესეც კარგად იცის ყველამ" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.