
შემზარავი ფაქტი ქუთაისში- რკინიგზის სადგურ „რიონის“ მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მას ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცხელი უთოთი დააუთოვეს. მოხუცს სხეულის 27% აქვს დამწვარი.
„რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ მოხუცს ინსულტი აქვს გადატანილი და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ყაჩაღობის მიზნით კი მოხუცს სახლში 3 ნიღბიანი დაესხა. ამ დროს სახლში მხოლოდ ის იმყოფებოდა. ყაჩაღები მამაკაცს ფულს სთხოვდნენ, თუმცა სახლში სანადირო თოფის გარდა ვერაფერი ნახეს. ამის გამო კი მოხუცი უმოწყალოდ სცემეს.
ნაცემი მოხუცი მეზობლის ბიჭმა იპოვა. მას დილით კვნესის ხმა შემოესმა, გარეთ გამოსულმა კი ნახა, რომ სახლის კარი ღია იყო. ამ ფაქტმა დააეჭვა და მეზობელთან შევიდა. სახლი არეული, ნივთები დამტვრეული და იატაკზე გაკოჭილი სასტიკად ნაწამები მოხუცი იპოვა. მან მაშინვე საშველად სხვა მეზობლებს უხმო, რომლებმაც სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს.
„ისე შევიდნენ და აწამეს მოხუცი, რომ კაციშვილმა ვერაფერი ვერ გაიგო. რისი თქმაც მოახერხა, ისაა, რომ სამნი იყვნენ ნიღბებით და მცემდნენო. მერე უთოთი დამწვესო. ფულს სთხოვდნენ. არ ვიცით რატომ ეგონათ, რომ მას ფული ჰქონდა. მოხუცები ცხოვრობენ და სახლიდან სანადირო თოფის მეტი არაფერია წაღებული. თუმცა უძებნიათ და მთელი ოთახები სულ არეულია.
„საწყალი კაცი მეზობლის ბიჭმა იპოვა. ეს რომ არა, ალბათ მოკვდებოდა კიდევაც. დილით არაადამიანური ხმა შემოესმა. გარეთ გასულა და კარი ღია დაუნახავს. დაეჭვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და სახლში შევიდა. შესულს კი ეს საშინელი სურათი დახვდა. მერე მეზობლებს დაუძახა და სასწრაფოც გამოიძახეს.
„გაკოჭილი იყო და დამწვარი. ხელებზე, ფეხებზე, მთელს სხეულზე დამწვრობა ჰქონდა. ამბობდა, ყველაფერი მივეცი რაც მქონდა და მაინც მცემდნენო. რა ჰქონდა რა მისცა, არ ვიცით. ცოლი ამბობს, რომ მხოლოდ სანადირო თოფია სახლიდან წაღებული. წარმოუდგენელი სისასტიკეა. თან ინსულტი აქვს გადატანილი და მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა“, - აცხადებს მეზობელი „რეზონანსთან“.
ექიმის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის 27 პროცენტი აქვს დამწვარი, ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა.