
ტრაგედია ქობულეთში -14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც მოხუცი ამბობს, სუიციდის მიზეზი სავარაუდო სექსუალური ძალადობა უნდა გამხდარიყო. მისი თქმით, 14 წლის შვილიშვილი გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. ამ ფაქტზეპოლიციაც საქმის კურსში იყო და შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც არასრულწლოვანი განიცდიდა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ ყოფილა და შესაძლოა მასზე ძალადობას კვლავ აგრძელებდა.
გოგონა ბაბუასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მას მამა გარდაცვლილი ყავს, დედა კი თურქეთში სამუშაოდ არის წასული. ბრალდებული მამაკაცი კი დაკავებულია, მას თექვსმეტ წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ჩემი შვილიშვილი 23 წლის ბიჭმა გააუპატიურა გასული წლის ზაფხულში. ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ და პოლიციას მივმართეთ. დაიწყო გამოძიება, მაგრამ დროში გაჭიანურდა. ექსპერტიზებს ატარებდნენ და, რა ვიცი, ამდენი ხანი ამას იძიებდნენ. ბავშვი ამ აფქტს განიცდიდა და ნერვიულობდა. მერე ამ ბიჭმა თურმე ისევ მოინახულა. ჰქონდა თუ არა იგივე ფაქტს ადგილი არ ვიცი, გარდაცვლილი ვიპოვე, სახლში თავი მოიკლა. ეს ბიჭი აქამდე დაკავებული არ იყო და არ გამოვრიცხავ, რომ ზეწოლა გრძელდებოდა“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.
ბრალდებულის ოჯახი კი გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას გამორიცხავენ და ბრალდებას გარდაცვლილის ბაბუას უყენებენ.
„სამი თვეა მიმდინარეობს გამოძიება. ამ ხნის განმავლობაში არავითარი დასკვნა, არავითარი ხელმოსაჭიდი. ის გოგო ოჯახმა იმ დონეზე მიიყვანეს, რომ თავი მოიკლა. ჩემ შვილს არაფერი ურთიერთობა არ ჰქონია. კომენდანტის საათი იყო და მანქანით გადაიყვანა, მეგობრობდნენ,“ - ამბობს არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის მამა.
დაკავებულის დედა კი ამბობს, რომ გარდაცვლილ გოგონაზე მისივე ოჯახის წევრი, ბაბუა ძალადობდა.
„ბაბუა სისტემატურად თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემ შვილს, მეგობრობდნენ მიშველეო, გადამიყვანე მოგობართანო. არ ვიცი, ეს საქმე ჩაწყობილი იყო, თუ რა. ჩემ შვილს თითი არ აქვს დაკარებული," - ამბობს არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულის დედა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია როგორც ჩვენი სამინისტროსთვის ასევე სახელმწიფოსთვის. გოგონა სახელმწიფო ზრუნვაში არ იმყოფებოდა. იყო მზრუნველ გარემოში, ნათესავებთან ცხოვრობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ ვუზრუნველყოთ თითოეული ბავშვი რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და გამაძლიერებელი სერვისებით,“ - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა,“ - წერია უწყების განცხადებაში.
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ სტატია ამ თემაზე: „ეს ორი დღეა ჩემს თავს სულ ერთ კითხვას ვუსვამ - რისი გაკეთება შემეძლო? - ქობულეთში დაღუპული 14 წლის გოგონას მასწავლებელი“