ელზა პაპოშვილი
09.02.2021

არასრუწლოვნების იძულებით ქორწინების ფაქტები საქართველოში კვლავ ხშირია და უფლებადამცველთა ნაწილის ცნობით, სკოლების ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ ამან უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ერთი მსგავსი შემთხვევის გამო კი აზერბაიჯანის ომბუდსმენმა სამშაბათს ოფიციალურად მიმართა თავის ქართველ კოლეგას.

საქმე ეხება 8 თებერვალს სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების ნიშნობის კადრების  გავრცელებას, რამაც ბავშვთა უფლებების დამცველების კრიტიკა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში ოჯახის წერვები 11 წლის გოგოს 15 წლის ბიჭზე ნიშნავენ. 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.  საქმეში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები არიან ჩართული.

„რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსმა ფაქტებმა ბოლო დროს იატაქვეშეთში გადაინაცვლა და ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოება და შესაბამისი უწყებები არასრუწლოვნების ქორწინების შესახებ ინფორმაციას ვერ იგებენ. განსაკუთრებით მსგავსი ფაქტები სკოლების დისტანციური სწავლების რეჟიმის დროს გახშირდა, რადგანაც განათლების სისტემა მსგავს შემთხვევებს ვეღარ აკონტორლებს და შეტყობინებები იძულებით ქორწინებების შესახებ არ ხდება. 

ნიშნობა, თუ დაბადების დღე?

არასრულწოვანი გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. გოგონას ბებიის ცნობით, ვიდეო არა ნიშნობას, არამედ დაბადების დღეს ეხებოდა და ბავშვი 15 წლისაა. მისი თქმით, ბიჭის და გოგოს ოჯახები რამდენიმე წლის წინ შეთანხმდნენ, რომ მათი შვილები იქორწინებდნენ, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო. 

„არანაირი ნიშნობა და გათხოვების ცერემონიალი არ ყოფილა, უბრალოდ, დაბადების დღე ჰქონდა, ჩვენი გოგო პატარაობიდან იმ ბიჭის მშობლებს მოეწონათ და შევთანხმდით, რომ გაიზრდებიან დაქორწინდებოდნენ. ახლა დაბადების დღე რომ ჰქონდა გოგოს, ბიჭის მშობლებმა უბრალოდ ბეჭედი აჩუქეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გოგო რომ სრულწლოვანი გახდება, გავათხოვებთ. 

„ჩვენ შვილს სწავლა უნდა და ახლა მერვე კლასში სწავლობს. გაავრცელეს, რომ ვითომ 11 წლის არის. სირცხვილია, ეს როგორ შეიძლება. ჩვენს გოგოს სწავლა უნდა და ამბობს, რომ მინდა სტილისტი გამოვიდეო. ბავშვს ასეთ ასაკში როგორ გავათხოვებთ...“ - ამბობს, ბებია ელნაზ აჰმედოვა. 

მისი თქმით, ახალა ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ამბობს, რომ ყველგან მას დასცინიან. ამის გამო არ სურს სკოლაში წასვლაც. 

ბებია ადასტურებს, რომ პოლიციამ ბიჭისა და გოგოს ოჯახები დაკითხა. მათ ხელიც მოაწერინეს, რომ ბავშვი 18 წლამდე არ გათხოვდება. მისივე თქმით, არასრულწლოვანის გათხოვებას 25 წლამდე არ აპირებენ და სიცრუეა ისიც, რომ გავრცელებულ ფოტოზე გოგოს გვერდით მისი საქმრო დგას.

სოფელ ფონიჭალაში მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ ბავშვი ქართულ სკოლაში სწავლობს, ის მერვე კლასშია და ვიდეოზე აღბეჭდილი ღონისძიება დაბადების დღეს ეხებოდა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ჯერ არავინაა.

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა კი თავის ქართველ კოლეგა ნინო ლომჯარიას საქართველოში, ფონიჭალაში, არასრულწლოვნების შესაძლო ნიშნობის ფაქტზე ინტერნეტ საიტებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმართვაში საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ამ ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ. 

ბავშვთა უფლებადამცველები კი „რეზონანსთან“  ამბობენ, რომ იძულებითი ქორწინების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ორივე არასრულწლოვანის მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მათი განცხადებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ უნდა მუშაობდნენ არასრულწლოვნების ქორწინების პრევენციაზე.

ვინ უნდა იზრუნოს არასრულწლოვანთა ქორწინებების პრევენციაზე

უფლებადამცველები „რეზონანსთან“ საუბრობენ, რომ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ცალკეული სტრუქტურები კოორდინირებულად არ მუშაობენ. მთელი ტვირთი უმეტესად შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადატანილი, მაშინ, როდესაც, შსს განათლების უწყების და სოციალური სამსახურის გარეშე ამაზე ვერ იმუშავებს. მათი თქმით, სამწუხაროდ, სანამ  მძიმე შედეგი არ დადგება ხოლმე, მანამდე რეაგირება არ გვაქვს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა თავხელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როგორც კი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდათ და უწყებამ ფაქტზე გამოძიება მაშინვე დაიწყეს. მისივე თქმით, ცალსახად საქმე გვაქვს ბავშვების უფლებების დარღვევასთან, რადგანაც ორივე მათგანი არასრუწლოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ეს, ოჯახის მტკიცებით, დაბადების დღის წვეულება იყო, ცალსახად აქ საქმე ნიშნობასთან გვაქვს. 

„შეიძლება იძულებით ქორწინებასთან ადგილი არ გვაქვს, მაგრამ არასრუწლოვნების ნიშნობა ცალსახად უკვე ძალადობაა. ის ინფორმაცია, რასაც ოჯახი ახმოვანებს, რომ მათ აქვთ დაპირება ბიჭის ოჯახთან რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვები დააქორწინონ, უკვე ძალადობას გულისხმობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დაპირდე რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს ტელეფონს გაჩქებ ან მსგავსი სხვა რამე. 

„ბავშვი არ არის ნივთი, რომელთან დაკავშირებითაც მშობლებმა დაპირება შეიძლება გასცენ. ეს ცალსახად ბავშვის უფლების დარღვევაა. შესაბამისად, ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მინიმუმ საქმე ოჯახურ ძალადობასთან გვაქვს, სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. მოლოდინი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორად იმოქმედებს და საქმეს ზედაპირულად არ შეისწავლის“, - აცხადებს ანა თავხელიძე „რეზონანსთან“. 

ონლაინ სწავლება და არასრულწლოვანთა ქორწინებები

მისივე თქმით, ადრეულ ასაკში ქორწინებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს კონკრეტულად რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთნ კავშირში არ არის და ეს პრობლემა ზოგადად საქართველოში არსებობს. მსგავს ფაქტებს სხვადსახვა რეგიონში ხშირად ვხვდებით. 

რაც შეეხება იმას, მოიმატა თუ არა „იატაკქვეშეთში“ მსგავსმა ფაქტებმა და არის თუ არა ეს ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამო, ანა თავხელიძე ამბობს, რომ სკოლების მხრიდან მსგავს ფაქტზე შეტყობინებები ისედაც დაბალია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ონლაინ სწავლებამ ამაზე კიდევ უფრო სავალალო გავლენა მოახდინა. ადვოკატი ამბობს, რომ ასეთ ფაქტებს მასწავლებლები და სკოლა ხშირად მალავს, ან სათანადო რეაგირებას არ ახდენს.  

„სკოლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე შეტყობინება ისედაც დაბალი იყო და ონლაინ სწავლებამ ამაზე კიდევ უფრო მოახდინა თუ არა გავლენა, უცნობია. ამას სახელმწიფო უნდა იკვლევდეს და სტატისტიკურად ამის კონტროლს უნდა ახდენდეს. სახელმწიფო სამწუხაროდ ამ პრობლემების მოგვარებაზე არ მუშაობს. პოსტფაქტუმ პრობლემის აღმოჩენას ახდენს ხოლმე  და შესაძლოა ამ დროს უკვე დაგვიანებულიც იყოს. 

„აქამდე უნდა არსებობდეს იმის გეგმა, მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაზე როგორ უნდა იმუშაონ. მითუმეტეს, როდესაც სწავლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და განათლების სიტემას ბავშვზე კონტორლის მექანიზმი შემცირებული აქვს. თუმცა როდესაც კონკრეტულ რეგიონებში მსგავსი რამ ხდება ხოლმე, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და საქმის კურსში მასწავლებლებიც არიან, თუმცა ამაზე, როგორც უკვე აღვნიშნე, რეაგირება არ ხდება. შესაძლოა ბავშვი  სკოლას არ აცდენდეს, მაგრამ მასწავლებელმა მეზობლისგან ან მოსწავლეებისგან ეს ინფორმაცია შეიტყოს. ამ შემთხვევაშიც აქვს მასწავლებელს  შესაბამის სტუქტურებისთვის შეტყობინების ვალდებულება“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ახლა გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგანაც ის შესაძლოა ამის გამო ბულინგის მსხევრპლი გახდეს. ადვოკატის თქმით, პოლიციასთან ერთად ამ პროცესში სასწრაფოდ სოციალური სამსახურის მუშაკიც უნდა ჩაერთოს. ერთმა ოჯახთან უნდა იმუშავოს, მეორემ კი ბავშვთან და მის კლასელებთან, რადგანაც ის დაცინვის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი არ გახდეს. ფისიქოლოგმა ახლა გოგონაც და ბიჭიც ამ ტრავმის შემდეგ უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებას როგორც სრულფასოვანი წევრები ისე დაუბრუნდნენ. 

შსს-მ გამოძიება 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.  

ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×