
უბედური შემთხვევა გორში - სუხიშვილის ქუჩაზე 27 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ხატია ედიშერაშვილის გარდაცვალების მიზეზი ბუნებვრივი აირის გაჟონვა გახდა. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი არასრუწლოვანმა ძმის შვილმა ნახა. გოგონას ორი პატარა შვილი დარჩა, რომლებიც შემთხვევის დროს ახლობლებთან იმყოფებოდნენ.
სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გარდაცვლილი ქალის მეზობლები“რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ხატია ედიშერაშვილს ბუნებრივი აირის გაყვანილობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
მათი თქმით, ქალმა კომპანია "საქქორგაზსაც" მიმართა, საიდანაც ბინაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მისული. თუმცა როგორც ჩანს პრობლემა ვერ აღმოაჩინეს. მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს გაზის გადასახადი 500 ლარამდე მოუვიდა, რის გამოც მან კომპანიაში დარეკა და ფაქტი გააპროტესტა. გოგონა ამბობდა, რომ გაზი საიდანღაც ჟონავდა და დახმარებას ითხოვდა.
"სავარაუდოდ გაზმა გაჟონა. ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, ბავშვები ბებიასთან ჰყავდა. 2 შვილის დედაა და პატარა ბავშვები დარჩა. მანამდეც ჰქონდა პრობლემა და რადგანაც გაზმა 500 ლარი დაუწერა.
“ამიტომ კომპანიიდან ხალხი გამოიძახა. შესამოწმებლად მოვიდნენ კომპანიიდან და შეამოწმეს, მაგრამ რანაირად შეამოწმეს, ფაქტი სახეზეა. ბავშვი გარდაიცვალა, ესე იგი ვერ შეამოწმეს და ვერ გააკეთეს კარგად. შაბათის შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა. ამიტომაც მამიდის სანახავად ძმიშვილი მოვიდა. გარდაცვლილი ბავშვმა ნახა. ბავშვი შოკშია და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშ იმყოფება", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
კომპანიის წარმომადგენლები კი მედიასთან ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან და კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.