რატომ არ შეიძლება ეწოდოს აღმაშენებლის აღსაყდრებას სახელმწიფო გადატრიალება
მამუკა ნაცვალაძე
08.02.2021

დავით აღმაშენებლის ეპოქა დღემდე ქართველი საზოგადოების გამორჩეულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა, რომელიც საქართველოს მეფეებს მომდევნო პერიოდში იდეურ და ზნეობრივ თამასად ჰქონდათ მოაზრებული. სამწუხაროდ, ამ თამასას მხოლოდ ერთი ხელისუფალი, გიორგი ბრწყინვალე შესწვდა საქმით.

ბუნებრივია, ამ სიმაღლეს და ასეთ გამორჩეულ დონეს საქართველო მხოლოდ ერთი ადამიანის ძალისხმევით ვერ მიაღწევდა. მეფეს არაერთი თანამზრახველი ჰყავდა და სწორედ ამ კონტექსტით უამრავი კითხვა ჩნდება - მაინც როგორ მოახერხა აღმაშენებელმა ასეთი სწორუპოვარი სახელმწიფოს შექმნა? 16 წლის დავითს ვინ ედგა გვერდით? რაში მდგომარეობს დავით აღმაშენებლისა და მისი თანამზრახველების  წარმატების ფორმულა?

კითხვები მრავლადაა, პასუხები კი XI ს-ის 90-იანი წლებისა და XII ს-ის პირველი მესამედის ანალიზისას არის საძებნი. ამ მოვლენების განხილვისას ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს ისტორიაში ისეთ გამორჩეულ პიროვნებას, როგორიც გიორგი ჭყონდიდელია, გიორგი II-ის მეფობისას უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო თანამდებობაზე დაწინაურებული ბერი.

სწორედ გიორგი ჭყონდიდელი და მისი დასი გახლავთ ინიციატორი 1089 წელს 16 წლის დავით აღმაშენებელის აღსაყდრებისა. 

დღემდე ეს თემა დავის საგანია - მეცნიერთა ნაწილი მიანიშნებს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩვენ მოვლენათა ანალიზმა განსხვავებულ დასკვნამდე მიგვიყვანა. იმას, რა ფორმითაც მოხდა დავით აღმაშენებლის გამეფება, ვფიქრობთ, არ შეიძლება ეწოდოს გადატრიალება. 

რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა 16 წლის დავით აღმაშენებელი

საწყისი პოზიცია, რომლიდანაც დავით აღმაშენებლის აღმასვლა დაიწყო, საკმაოდ მძიმეა, გაჩანაგებული ქვეყანა, მორღვეული ეკონომიკა, ფეოდალთა დათმობითა და დაყვავებით შენარჩუნებული მოჩვენებითი სიმშვიდე უმძიმეს განწყობებს ქმნიდა. ეს თურქ-სელჩუკების ზეობის ხანაა - დამპყრობელის ჯართან ერთად ჯგრგოდ წამოსული საქონლის ფარა ძირფესვიანად ანადგურებდა მიწათმოქმედ ქართველთა გარჯის მრავალსაუკუნოვან ნაყოფს. დიდი თურქობა საქართველოსთვის ისეთი სენი აღმოჩნდა, მხოლოდ დრო-ჟამს თუ შეეძლო ემკურნალა მისთვის.

გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ის უძლურია რამე იღონოს, ქვეყნის გადარჩენის რაიმე შანსს მიაგნოს, არადა, ყველაფერი სცადა... სამწუხაროდ, დრო და საერთაშორისო ვითარება მისი მოკავშირე ვერ აღმოჩნდა.

საკუთარი უძლურებას კარგად აცნობიერებს მეფე, იმისათვის რომ ძმათა სისხლისღვა აირიდოს, კახეთში ვეჟინის ციხეს ალყას ხსნის და დასავლეთში გადადის, აჯამეთის ტყეში სანადიროდ. 

ეს სასოწარკვეთილი მეფის საქციელია - ფსიქოლოგიურად ადვილად ასახსნელი ადამიანური პრიზმიდან, თუმცა, მეფეს სწორედაც რომ რკინის ნერვები და სიმტკიცე მოეთხოვება. ის საკუთარ ემოციებზე მაღლა უნდა დადგეს. ვერ შესძლო გიორგიII-მ ემოციების მოთოკვა, მასში ადამიანი მძლავრობს, ვიდრე მეფე. 

მეფის უცნაური საქციელი სამეფო კარისთვის მნიშვნელოვანი ნიშანია, იმისა, რომ კარდინალური ცვლილებები უნდა მოხდეს, მეფე უნდა გადადგეს. ეს 1089 წელია...

რატომ არ შეიძლება ეწოდოს დავითის აღსაყდრებას სახელმწიფო გადატრიალება 

ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ამ წელს ხდება სახელმწიფო გადატრიალება, საბჭოთა ისტორიული სკოლა თაობათა დაპირისპირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, ალბათ ამიტომაც, ამ იდეოლოგიური კონტექსტით მონათლეს გადატრიალებად ის მოვლენა, რომელსაც თავისი არსით არაფერი ჰქონდა გადატრიალებასთან საერთო.

თავად განსაჯეთ - რომელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უტოვებენ ყოფილ მეფეს არა მარტო მეფის, არამედ უფრო აღმატებულ "მეფეთ-მეფის" სტატუსს? ვთქვათ ესეც რომ მოჩვენებითი იყოს, ძალით გადაყენებულ რომელ გადაყენებულ მეფეს მოისვამს გვერდით მოქმედი მეფე სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტისას? 

ის ფაქტი რომ ამ ვითომდა "გადატრიალებიდან" 15 წლის შემდგომ, 1104 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისას გიორგი II "მეფეთ მეფის" სტატუსით შვილს დავით აღმაშენებელს გვერდს უმშვენებს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტისას შვილის თანამზრახველია, ვფიქრობ, ყველა ზემოთდასმულ კითხვას ამომწურავად სცემს პასუხს. 

და აქ კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა - რა ძალებმა შესძლეს 1089 წელს სამეფო ტახტზე დავით აღმაშენებლის აყვანა? ვინ იყო ამ საქმის უშუალო ინიციატორი და შემოქმედი?

როგორ აღმოჩნდა  გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებლის აღსაყდრების ინიციატორი

ერთადერთი ვისაც ფსიქოლოგიურ ამ უმძიმეს ვითარებაში თავის თავზე შეეძლო ინიციატივია აღება და საკითხის გადაწყვეტა, გიორგი მონაზონია, ჭყონდიდელი. ის გიორგი II-ის მეფობისას საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, გარდა იმისა, რომ სწორედ გიორგი ბერს უკავია მწიგნობართუხუცესის, პირველი ვაზირის თანამდებობა, მისი პრეროგატივაა საგარეო საქმეების განკარგვა. 

ის ფაქტობრივად მეთაურია საქართველოს ეკლესიის წიაღში არსებული მძლავრი დასისა, რომელსაც შეიძლება სასულიერო-ფილოსოფიური ორდენი ვუწოდოთ. სწორედ ამ დასის დაკვეთაა საერო-რელიგიური სახელმწიფოს შექმნა, დავითმა რომ გაიხადა თავისი მმართველობის უმთავრეს მიზნად.

შეიძლება თუ არა დავითის აღსაყდრების ინიციატორები ფეოდალები ყოფილიყვნენ? პასუხი ცალსახად უარყოფითია. მეფის აღსაყდრების ინიციატივისგან პრაქტიკულად უნდა გავმიჯნოთ იმდროინდელი ფეოდალები, მათი მონაწილეობა მეფის გადაყენებაში კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს, რამდენადაც მათთვის მართლაც რომ იდეალური იყო გიორგი II, როგორც გარეშე მტრის აგრესიის გამო საშინაო არენაზე დამთმობი ხელისუფალი.

როგორ დაუთმო გიორგი მეორემ საკუთარი ნებით ტახტი დავით აღმაშენებელს

დავითის აღსაყდრებისას არ უნდა დავივიწყოთ თავად გიორგი II-ის ფაქტორიც. ის სასულიერო დასის თანამზრახველია, ამიტომაც მათ ენდობა, არ უძალიანდება. ის რომ საგარეო პოლიტიკური ფონი არ შეხვდა მომგებიანი, სრულიადაც არ ნიშნავს რომ გიორგი II ცუდი მეფეა, რომ მას უჭირს მენტალურად სწორად გაიაზროს რეალობა, როგორც ამას მეცნიერთა ნაწილი წარმოაჩენს.

ფსიქოლოგიურად, ბუნებრივია, არ არის იოლი პირველობის დათმობა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, გიორგი ამისთვის უკვე მზადაა, როგორც გონიერი ხელისუფალი. ის რომ სწორედ მეფემ მიუჩინა საკუთარ შვილს, დავითს გიორგი ბერი აღმზრდელად, იმას მოწმობს რომ ქვეყანაზე ფიქრობს და ზრუნავს. 

საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ ასაკობრივი განსხვავება გიორგი ბერსა და დავითს შორის სულ რამდენიმე წელია. და მიუხედავად ამისა, გიორგი სწორედ ამ ახალგაზრდა მოძღვარს, გიორგი ჭყონდიდელს ანდობს მემკვიდრის აღზრდას.

16 წლის დავითი მენტალურად მზადაა ქვეყნის სათავეში მოვიდეს. ეს ბუნებრივია მამასაც უნდა ახარებდეს. ამ ფონზე არც ისაა გამორიცხული, თავად გიორგის ინიციატივა ყოფილიყო ტახტის შვილისთვის გადაცემა. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ის კარგად უნდა აცნობიერებდეს ერთ საკითხს - როდის დადგება ტახტის დათმობის დრო, დიდი მნიშვნელობა არა აქვს...

ფაქტია, რომ გიორგი II-ისა და გიორგი ჭყონდიდელის დასის იდეა სამეფო ტახტზე დავითის აღსაყდრებისა ერთმანეთს ემთხვევა. ეს განწყობები იმ რეალობაში მწიფდება, ორივე მხარე რომ ხედავს და აფასებს. მათი ხედვა ერთნაირია, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო - ქმედების განმსაზღვრელი და ამოსავალი ხომ ქვეყნის ინტერესებია. ამიტომაც არის, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ სრულდება. დავითს თავად მეფე გიორგი ადგამს გვირგვინს.

არანაირი არგუმენტი არ არსებობს არ ვენდოთ დავითის ისტორიკოსს, რომელიც აღმაშენებლის გამეფების შესახებ საკმაოდ ნათლად და ლაკონურად მიანიშნებს: "მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა (ე. ი. 1089 წ.) ამას მარტოდ შობილს გიორგისგან თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა".

როგორ გადაეჯაჭვა დავით აღმაშენებლისა და გიორგი მეორის მამაშვილური ურთიერთობები სამეფო ურთიერთობებს 

აქ კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ნიუანსია, რომელმაც, ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია დავით აღმაშენებლის, როგორც მეფის ფსიქოლოგიურ განწყობებს. ის 16 წლის ასაკში სამეფო ტახტზე ასვლისას არ არის დამძიმებული იმით, რომ მამამისს წაართვა ტახტი. ეს ფაქტობრივად განსაზღვრავს კიდეც ჭაბუკი მეფის სილაღეს, მის ხალას განწყობებს.

სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში დავითი ასე ლაღი ვერ იქნებოდა, არ მოასვენებდა სინდისი. 16 წლის ჭაბუკისთვის არ იქნებოდა ადვილი ადამიანურად გამიჯვნოდა ცოდვას. 

აღსაყდრებისა და მეფობის პირველივე წლებისას საკუთარ სინდისთან ბრძოლა დავითს არ სჭირდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამამისის ცოდვა არ ადევს. დავითი მამის ერთგულია, ისევე როგორც გიორგი II სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებს შვილს. ორივეს კი მამაშვილობის გარდა, საქართველოს უზომო სიყვარული აერთიანებთ.

აქ ორი უმთავრესი ჯაჭვი იკვეთება ურთიერთობების თვალსაზრისით - ადამიანური და მეფური. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება აღზევდეს გამორჩეულ სიმაღლემდე ჩვეულებრივი, ადამიანური განწყობები, და რაოდენ საცნაურია, რომ სწორედ ეს ჯანსაღი ურთიერთობები და სურვილებია ჭაბუკი მეფის წარმატების სათავე. 

ამიტომაც საკმაოდ იოლად იქმნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით უპრეცედენტო რეალობა, თვისებრივად განსხვავებული პოლიტიკური სამკუთხედი, სადაც სამივე მხარე - დავით აღმაშენებელიც, გიორგი მეორეცა და გიორგი ჭყონდიდელის დასიც ერთი მიზნისკენ და ერთი იდეისკენ სვლას ერთნაირად ხედავენ. დავით აღმაშენებლის აღსაყდრებაც სწორედ ამ ხედვის ლოგიკური შედეგია. 

რატომ იყო გიორგი ჭყონდიდელის დასი ტამპლიერებთან ურთიერთობის ინიციატორი

მეფე გიორგის საოცრად სჯერა გიორგი ბერის. მწიგნობართუხუცესობაც ხომ ამიტომ ანდო, მას ფაქტობრივად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აბარია და კარგად ხედავს რეალობას, რაც მთავარია, უემოციოდ შეუძლია ვითარების განჭვრეტა. 

საგულისხმოა ისიც, რომ გიორგი ბერი მარტო არაა - მას უდიდესი და უძლიერესი ინტელექტუალური ძალა უდგას გვერდით.

თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოს სამეფო კარზე გიორგი მწიგნობართუხუცესთან ერთად განსაკუთრებულად დაფასებულნი არიან იოანე პეტრიწი, იოანე ჭიმჭიმელი, არსენ ბერი, ვინმე ევსტრათო, არსენ ვაჩეს ძე, არსენ იყალთოელი, დავითის ისტორიკოსი... ეს ის კოჰორტაა, მიზნად რომ ისახავს ძლიერი საქართველოს, ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც აბსოლუტური უფლებების მქონე მეფე ეყოლება სათავეში.

სწორედ ამ  კოჰორტის დამსახურება უნდა იყოს დავითის აქტიური კავშირი ტამპლიერების ორდენთან, რომელთაც ტაძრეულებს უწოდებენ. ქართველი ფილოსოფოსები თავიანთი მრწამსით საკმაოდ ახლოს არიან ტამპლიერების იდეოლოგიურ კონცეფციასთან.

როგორ შეამზადა გიორგი ჭყონდიდელის დასმა ქართული რენესანსის საფუძვლები

და კიდევ ერთი -  სწორედ გიორგი ჭყონდიდელის დასი, ეს გამორჩეული კოჰორტა ქმნის ქართული რენესანსის საფუძვლებს. ამ დასის მოღვაწეობის შედეგია იმ დროის მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა - თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება, ქრისტიანობის დოგმატურ ფორმებთან არეოპაგიტიკის თანაარსებობა, რაც ბიზანტიის იმპერიაში უარყოფილ ანტიკური ტრადიციებზეა აღმოცენებული. 

დავით აღმაშენებლის მიერ ამ პერიოდის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრს გელათის აკადემიას სწორედ ის არეოპაგიტიკული კონცეფცია დაედო საფუძვლად, რომლის მიმდევარნიც - მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი ბიზანტიაში სიკვდილით დასაჯეს.

საცნაური კი ის გახლავთ, რომ  ამ იდეოლოგიურ თავისუფლებას სულ მალე გვირგვინად დაედგმევა მსოფლიო კლასიკად აღიარებული რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×