
ვენდეტა 15 წლის შემდეგ- გამოძიების ინფორმაციით, ფოთში 43 წლის გურამ ახალაია საკუთარ ავტომობილში ძმის მკვლელობისთვის შურის ძიების მოტივით რუსლან შალიკაშვილმა იგივე (შალვა პოპამ) მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ზუსტად 2006 წლის 4 თებერვალს გურამ ახალაიამ რუსლანის ძმა გია შალიკაშვილი სახლიდან გაიყვანა და მას შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს. ის სამთვიანი ძებნის შემდეგ, ფოთში მეთევზეებმა იპოვეს. ახალგზრდა მამაკაცს სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.
ხოლო ფეხებზე ქვები ჰქონდა მობმული, რათა ჩაძირულიყო და მისი გვამი არავის ენახა. მაშინ პოლიციამ მკვლელობაში ერთადერთ ეჭვმიტანილად გურამ ახალაია მიიჩნია, რომელიც მეგობრის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. თუმცა მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და სასჯელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის მოიხადა. მან ციხე რამდენიმე წელში დატოვა. შალიკაშვილის ოჯახი არასდროს იჯერებდა, რომ ის უდანაშაულო იყო. როგორც ფოთში ამბობენ, ორივე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო.
გურამ ახალაიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ის საქართველოში 2020 წლის არჩევნების წინ დაბრუნდა. სავარაუდოდ, შალიკაშვილის ძმა მას უთვალთავლებდა და მკვლელობისთვის სწორედ ის დღე შეარჩია, როდესაც ახალაიამ მისი ძმაა მოკლა.
დაკავებული რუსლან შალიკაშვილის დედა ამბობს, რომ როდესაც გურამ ახალაიამ გია შალიკაშვილი სახლიდან წაიყვანა, მაშინ მისი ძმა პატარა იყო. ამიტომაც ის დღე ყველზე მძიმე და კოშმარულ მოგონებად ახსოვს. თუმცა ამ თემაზე არასდროს საუბრობდა. დაკავებული ამბობდა, რომ მისი ძმა ახალაიამ მოკლა და მან ამაზე სთანადო პასუხი ვერ აგო. ბრალდებულის დედაც დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გია შალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე ახალაია იყო და მისმა ოჯახმა საქმე ისე ჩააწყო, რომ მან ამ სასტიკი დანაშაულისთვის პასუხი არ აგო. თუმცა ამბობს, რომ ახალაიას ბევრი მტერი ჰყავდა და მაინც და მაინც მის შვილს ხელს რატომ ადებენ გაურკვეველია.
„არ ვიცი არის თუ არა ჩემი შვილი მის მკვლელობაში დამნაშავე. ახალაია საქართველოში წლებია ვერ ბრუნდებოდა. რაღა ჩემ შვილს მიახტნენ, არ ვიცი. 15 წლის წინ, ახალგაზრდა და უჭკუო რომ იყო, მაშინ იძიებდა ჩემი შვილი შურს, რაღა ახლა გაგიჟდა? სახლში არაფერი ეტყობოდა, რომ რამისთვის ემზადებოდა. პატარა ბავშვი ჰყავს, ოჯახი ახალი შექმნილი აქვს და ამას არ ჩაიდენდა. ეს, რომ სდომოდა, ციხიდან როცა გამოვიდა მაშინ მოკლავდა. ახალაიას ოჯახმა საქმე რომ ჩააწყო და გამამართლებელი განაჩენით რომ გამოვიდა, ჩემი შვილი მაშინ იქნებოდა უფრო გამწარებული. ახალაიამ უფროსი შვილი ამ პატარას თავლწინ ზუსტად 15 წლის წინ სახლიდან წაიყვანა. საქმეები გაურჩია, სასტიკაად აწამა და მერე პალიასტომის ტბაში გადააგდო.
ფეხებზე ქვები მოაბა, რომ ჩაძირულიყო. საკუთარი მეგობარი ასე სასტიკად გაიმეტა. ისეთი ნაწამები იყო, წარმოდგენაც კი მიჭირს ადამიანმა ეს როგორ უნდა გააკეთოს. ვეკითხებოდით სად წაიყვანე, რატომ გაქრა ჩემი შვილი-მეთქი და ნუ ნერვიულობთ რუსეთში წავიდა და დაგიკავშირდებათო. სამი თვის უშედეგო ძებნის შემდეგ კი მეთევზეებმა პალიასტომის ტბაში იპოვეს. ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი ახალაიამ მოკლა და ეს საქმე ჩაფარცხეს,“ - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.
მოკლული გურამ ახალაიას დედა კი მისი შვილის ბრალეულობას გია შალიკაშვილის მკვლელობაში კატაგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ ის ციხეში წამლის მოხმარების გამო იჯდა და მას მკვლელობა არ დაუმტკიცდა.
„მეგობრები იყვნენ, ერთად იყვნენ და ვიღაცამ უმტროთ, მაგრამ შალიკაშვილის ოჯახს არ ესმოდა. ციხეში იყო და ვერ დაუმტკიცეს. დედა ამბობდა, რომ მას ჰქონდა მტკიცებულებები, თითქოს მკვლელი ჩემი შვილი იყო. თუმცა ეს ტყუილია. გურამი ციხეში წამლის მომხარებისთვის იჯდა და არავის საქმეები არ ჩაუწყვია,“ - ამბობს მოკლულის გურამ ახალაიას დედა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ რუსლან შალიკაშვილი დააკავა. ერთერთი ვერსიით, მკვლელობის შემდეგ გაქცეულ შალიკაშვილს რამდენიმე პოლიციელი დაედევნა, დევნის ოპერაციის დროს კი პოლიციამ მას გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც ბრალდებული ჩაბარდა. ბაჩანა შალიკაშვილს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს.