ელზა პაპოშვილი
17.09.2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შემზარავი ფაქტი მოხდა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, ორი მუშას, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს ახორციელებდნენ და დენმა დაარტყა,,ფაქტიურად ცოცხლად დაიწვნენ. მათ მუშების გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგანაც, როდესაც საშველად გამოვიდნენ, უკვე ცეცხლი ეკიდათ.

ორი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მესამე კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და საფრთხე მათაც ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე  ნაწილით დაიწყო.  

„შემზარავი ყირილის ხმა გავიგონეთ. როდესაც გარეთ გამოვედით, ცეცხლის ალეში გახვეული ადამიანები დაგვხვდა. ორი ადამიანი ფაქტიურად უკვე დამწვარი იყო. ერთის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. 

„როგორც ამბობენ, რკინიგზის მუშები იყვნენ და ელექტროგადაცემი ხაზების მონტაჟს ახდენდნენ. ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და იქ, სადაც წესით დენი არ უნდა ყოფილიყო, ჩართული აღმოჩნდა. ადგილზე სასწრაფო მალევე მოვიდა, მაგრამ ორივე ადგილზე დაიღუპა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის დროს დაშავებული მესამე მამაკაცი კი  რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.კლინიკაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ მას დაზიანება აქვს კიდურებზე და ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ასევე აქვს  მოტეხილობები და დამწვრობა. მისი მდგომარეობა  ამ ეტაპისთვის სტაბილურია და  პარამეტრები მართვას ექვემდებარება. 

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ქუთაისში რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ  რომ ხაზზე დენის მიწოდება 14 საათსა და 18 წუთზე გაითიშა და მუშებმაც სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყეს.  

კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგია შეწყვეტილი რომ არ ყოფილიყო, ხაზზე მუშაობის დაწყებასაც, რა თქმა უნდა, მუშები ვერ შეძლებდნენ. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა და ის მიმართულება არ არის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×