
8 ერის ტურნირის წინ რაგბის კავშირში მომხდარმა ინციდენტმა ქართული რაგბის მიმართ გულშემატკივრის გილაცრუება არ უნდა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ბორჯღალოსნები" 8 ერის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება, - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის წევრმა და ყოფილმა რაგბისტმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.
16 სექტემბერს მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა. გამოძიებით თანახმად, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხარაზიშვილს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.
რამაზ ხარაზიშვილს ოთხშაბათსვე ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. მუშაობენ ამ საკითხზე და დეტალებს გვაცნობენ. ყველაფერი გაირკვევა და მერე უფრო შემიძლია კომენტარი გავაკეთო. მოსაზრებებისა და ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მთავარია გადარჩა და რამაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა აბუსერიძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრები მისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტურნირის - 8 ერისათვის ემზადება.
„კონფლიქტს უნდა ვერიდებოდეთ. ეს არის პირველი მძიმე შემთხვევა. ამიტომ 8 ერისთვის, ყველა უნდა დავმშვიდდეთ. ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ბორჯღალოსნებს, რადგან ჩვენი ქვეყანა და თავიანთი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინონ მსოფლიო ასპარეზზე", - განაცხადა აბუსერიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაში ბოლო რამდენიმე თვის შიდა დაპირისპირებამ და ამ ბოლო ინციდენტმა საზოგადოების ნაწილში ქართული რაგბისადმი ნიჰილისტური განწყობა გააჩინა, ამასთან დაკავშირებით აბუსერიძე ამბობს, რომ რამდენიმე პიროვნების გამო ქართულ რაგბის სახელი არ უნდა შეელახოს.
„ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც კონფლიქტი მიუღებელია, მაგრამ რაგბი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე იყო. ერთი, ორი ან სამი პიროვნების გამო სახელი რომ შეელახოს ქართულ რაგბის, მიუღებელია. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იმედი მაქვს, რომ ბიჭები სიხარულს მოუტანენ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს გულშემატკივარებს, რასაც წლების მანძილზე აკეთებდა", - განაცხადა აბუსერიძემ.