
ქართველი მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სამშაბათს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეებს მოუწოდებს „ცოტა ჭკუას მოუხმონ". მისი შეფასებით, ქართული საზოგადოების ნაწილი კორონავირუსისგან შესაძლო გამოწვეულ საფრთხეს ადეკვატურად ვერ აფასებს.
სამშაბათს რუსთაველის გამზირზე სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აზვიადებს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის მასშტაბებს. ისინი კორონავირუსს საშიშ დაავადებად არ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ პირბადეების ტარება და თავის დაცვის სხვა საშუალებები სრულიად ზედმეტია.
„მე მხოლოდ ერთი კომენტარი მაქვს - ცოტა ჭკუას მოუხმოს ამ ხალხმა. მთელ მსოფლიოს უბედურება დაატყდა თავს და ამ საშინელი უბედურების ერთ-ერთი ნაწილი ვართ ჩვენ. ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსი არის მოგონილი, ეგენი უნდა წაიყვანონ და ფსიქიატს უნდა გაასინჯონ - ეს არის ჩემი კომენტარი. საფრთხე კი არა, ერთი დიდი ტრაგედია ხდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.
მისი თქმით, ის არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას არ ემხრობა და „სხვისი მითითებებით" არ საუბრობს.
„მე რომელი ამ მთავრობის მხარის დამჭერი ან ქომაგი ვარ, მაგრამ რეალობას ვამბობ" - ამბობს სიხარულიძე.
მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს არ აქვს გააზრებული ვირუსის მასშტაბურობა და არც ის იციან მათ ქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს.
„საზოგადოება ზერელედ იმიტომ უყურებს ყველაფერს, რომ დიდი ნაწილი ავადმყოფები არიან. ჩვენ ჭკუაზე ვერა ვართ, თორემ ჭკუა რომ გვქონდეს ვიაზროვნებდით და ასე არ მოვიქცეოდით", - აბობს სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
ის ამბობს, რომ მის ირგვილ დაინფიცირებული არავინ არის, თუმცა, ამის მიუხედავად, გააზრებული აქვს რეალური საფრთხე, რომელიც კორონავიურსმა შეიძლება შექმნას და მოუწოდებს საზოგადოებას კარგად გაანალიზონ არსებული ვითარება.
„ჩემს ირგვლივ დაინფიცირებული არავინ არის, ღმერთმა ნუ ქნას. ეს არის მსოფლიო უბედურება, რომელთან ხუმრობაც არ შეიძლება", - ამბობს სიხარულიძე.