ქრისტინე კაპანაძე
15.09.2020

„ჩვენ ისედაც საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, როდესაც მოხდა სრული იზოლირება. ამიტომ კიდევ ამის გამეორება ისე გამოგვივა „რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭმს თუ მგლის შვილიო". რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურად დაინგრევა ქვეყანა, თუ ვირუსი დაანგრევს", - აცხადებს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეზღუდვების შესაძლოა ხელახლა ამოქმედებაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ოქროს შუალედის ძებნაშია.

„სირთულეების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ვითარებას უკლავდება". - ამბობს ის.

„რეზონანსთან" საუბაში, ხმალაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით განგაშის საფუძველი არ არსებობს და „პანიკა ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი შედეგის მომტანია".

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მოიმატა მაჩვენებელმა, გვავიწყდება, რომ გრიპის სეზონის დროსაც ათასობით ადამიანი არის ცუდად, მაგრამ მთავარია არ იყოს მძიმე შემთხვევები, არ გახდეს საჭირო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა მშვენივრად უმკლავდება და გაუმკლავდება პროცესს. მაგრამ თუ ვირუსმა შეიცვალა მიმდინარეობა და დამძიმდა, ამ მხრივ მივიღებთ შესაბამის ნორმებს", - აცხადებს ხმალაძე.

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნის მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა რაიმეს დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.

„ჩვენ ყოველდღე გვაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცამ შექმნა ვაქცინა, თუმცა მერე აღმოჩნდება, რომ ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ზამთრამდე ვაქცინა უნდა იყოს", - ამბობს ხმალაძე.

ის ასევე გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებას, რომ შესაძლოა ეპიდემიამ ვაქცინის გარეშე ჩაიაროს.

„გამორიცხული არაფერია. სანამ ჩვენ ვაქცინის ძებნაში ვიქნებით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს ვირუსი მარტივად გადავიტანოთ. მაგალითად, ჩუტყვავილას ვირუსი შედარებით მარტივად მიმდინარეობს, თუ ადამიანი ასაკოვანი არ არის, იგივეა წითელას დროსაც. შესაბამისად, ეს ვირუსული ინფექციები მსუბუქად მიმდინარეობს და ხშირ შემთვევაში იგივეს თქმა შეიძლება კორონავირუსზეც", - აცხადებს ხმალაძე.

მისი ვარაუდით, შეიძლება დადგება ის დრო, როცა ვირუსის განვითარებას გართულება არ მოყვყვება და მაშინ უკვე აღარ იქნება აქტუალური ვაქცინის შექმნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×