ელზა პაპოშვილი
14.09.2020

სასტიკი მკვლლეობა თურქეთში - 33 წლის თამთა ჯანჯღავა, სავარაუდოდ ყოფილმა ქმარა მოკლა. გოგონას ორი დღის განმავლობაში ახლობლები და მეგობრები ეძებდნენ. ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახა. მას რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ყოფილ ქმარს კი თურქეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს. როგორც გოგონას მეგობრები და ქართველი ემიგრანტები „რეზონანსს“ უყვებიან,  მამაკაცმა მიმალვა მოასწრო, თუმცა პოლიცია ყველა მიმდებარე ტერიტორიას ჩხრეკს და ვარაუდობენ, რომ შორს წასვლას ვერ მოასწრებდა. 

მოკლული ქალიც და მისი ყოფილი მეუღლეც საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი  სამეგრელოს რეგიონის, ქალაქ  სენაკიდან არიან. 33 წლის ქალი სტამბოლში სამუშაოდ სამი წლის წინ წავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში წასვლამდე ქალი ქმარს გაშორებული იყო, რადგანაც მასზე სისტემატიურად ძალადობდა. თუმცა მამაკაცმა რამდენიმე თვის წინ ცოლს მიაკითხა და შერიგება სთხოვა. თუმცა, მასზე ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდა. 

თურქეთში მცხოვრები ემიგრანტები ამბობენ, რომ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა და ამის ნიადაგზე მუდმივად სცემდა. მათ ნაცემი გოგონა სამსახურში არაერთხელ უნახიათ. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

"ძალადობდა და სცემდა ცოლს, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მისი მოკვლა სცადა. რამდენიმე წლის წინაც სცადა. ახლა ვითომ არავინ არაფერი რომ არ იცის. რა არ იციან, უსაქმური და ფსიქიკურად შერყეული ადამიანია. ნარკომანი და ფსიქოპატი. 

“სტამბოლში სამუშაოდ შვილების გამო წავიდა. უკიდურესად უჭირდა. მშრომელი და საყვარელი გოგო იყო. რა ჰქონდა მას საცემი და საეჭვიანო. გაერიდა და თურქეთში წავიდა, მაგრამ იქაც მიაკითხა. თან ეცოდებოდა ჩემი შვილების მამაა და როგორ გავწიროვო. ადრე სახის არეში დაჭრა, ბეწვზე გადარჩა. 

“მკვლელობამდე 5 დღით ადრე კი სასტიკად უცემია. მეგობართან გაქცევა სცადა და კორპუსის სადარბაზოში დაიჭირა. შეუშინებია თუ იმ გოგოსთან წახვალ, ჯერ შენ მოგკლავ და მერე იმას მივადგებიო. 

“2 დღე არ გამოჩენილა არც სოციალურ ქსელში, არც სამსახურში და რომ მიაკითხეს, გარდაცვლილი დახვდათ. ქმარს წაღებული აქვს დოკუმენტები, ტელეფონები და გაქცეულია", - უყვება „რეზონანსს“ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელი. 

თურქეთში მცხოვრები მონიკა ხარჩილავას  მეგობარი, რომელთანაც გაქცევა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თამთა ჯანჯღავამ სცადა. თუმცა ყოფილმა ქმარმა გზაში დაიჭირა და სახლში ჩაკეტა. ხარჩილავა ამბობს, რომ გოგონამ მას დაურეკა და უთხრა არ ენერვიულა. კარგად იყო და ქმარს არ უცემია. თამთამ მეგობარს აუხსნა, რომ მისი ქმარი უკრაინაში წასვლას აპირებდა, ამიტომაც ერთ თვეს დროს აძლევდა და მერე თავისუფალი იქნებოდა. თუმცა, როდესაც ორი დღე ის უკვე აღარც სამსახურში და აღარც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მეგობარმა პოლიცია გამოიძახა. სახლში შესვლის შემდეგ კი საშინელი სურათი დახვდათ. გოგონას 17 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

„დამირეკა და მითხრა საშინლად მცემა სისხლი მდის ცხირიდანო. მერე მითხრა, სახლიდან ნივთებს ავიღებ და გამოვიქცევიო. არ დამირეკო თავად გამოვალ და ტაქსით დამხვდიო. რამდენიმე ხანი ველოდე, რომ არ გამოჩნდა დავურეკე. მითხრა დამიჭირა სადარბაზოსთან და ვეღარ გამოვალო. 

“ნაცემი არ ვარ არ შეშინდეო. ქმარს უთქვამს, თვის ბოლოს უკრაინაში მივდივარ და ცოტახანი მაცადეო. თურმე დაუშინებია, რომ თუ მონიკასთან წახვალ მასაც მოვკლავო. სასტიკად და მუდმივად სცემდა. ამბობდა, რომ მეშინია სხვასაც რამე არ დაუშავოს და ამიტომ ვერიდები ხალხთან კომუნიკაციასო. ვუთხარი, რომ მისი ნათქვამი არაფერი დაეჯერბინა. არა ნუგეშინიაო, წავიდეს და დავისვენებო“, - ამბობს მონიკა ხარჩილაძე.  

წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×