
"კატევე ჯგუფის" დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისა და ბიზნესმენის ვაჟის ნიკო ჩხაიძის დაკავების შესახებ ახალი დეტალები გაირკვია. მაშინ, როდესაც ბიზნესმენი მამა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად, ირაკლი კობახიძეს ხვდებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო ჩხაიძეს 50 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
ახალგაზრდა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ავტომობილის ჩხრეკისას კი ბიჭს იარაღი აღმოუჩინეს. ახალგაზრდა კაცის ჩხრეკას კრიმინალური პოლიცია ატარებდა, რომელიც მოგვიანებით, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის საცხოვრებელ სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.
ნიკო ჩხაიძე აქამდე პატიმრობაში რჩება, რადგან მან გირაოს, 50 000 ლარის გადახდა, სამუშაო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მედიისთვის დახურულ პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ცოტა ხნის წინ ზურაბ ჩხაიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ მისი შვილი დაკავებულია.
იგი ირწმუნება, რომ მის შვილი შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში გადატანის გამოა დაკავებული.
ეს ყველაფერი არ არის, ნიკო ჩხაიძე, თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმე მოწმის სტატუსით არის გამოკითხული. საქმის მასალების თანახმად, სწორედ მან ჩაიყვანა მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ძმებ კაკულიებთან სომხეთში.
"ტვ პირველი"