
მწვანე შუქი 4-დან 2 პარტიისთვის აინთო - რატომ გაემიჯნა ბარიერგადალახული ორი სუბიექტი დანარჩენ ორს და რატომ ტოვებს ბოიკოტში "ლელო" და გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" და გვარამიას კოალიციას - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ახალი კონფიგურაცია "ნაცმოძრაობის" რებრენდინგის დასასრულია. ანუ, იმ გეგმის კულმინაცია, რომლის მიხედვითაც ე.წ. "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ 4 პარტიად ჩამოყალიბდა. უმრავლესობის თქმით, გარე აქტორების ამ სტრატეგიამ ვერ იმუშავა და ახლა გათვლა რეპუტაციულად დაზიანებული სააკაშვილისა და გვარამიას პარტიების, გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლებაა.
ხდება თუ არა, 2 პოლიტიკური ძალა ერთ დროს, მთავარი ოპოზიციური პარტიის ალტერნატივა - მიხეილ სააკაშვილის გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკური ველიდან მათი გაქრობის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა უშედეგოდ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიები მათ ვერ ჩაანაცვლებენ, რადგან არც გახარიას გუნდს და აღარც "ლელოს" აღარ მიიჩნევენ რეალურ ოპოზიციად. ხელისუფლებასთან კოლაბორაციაში შესულები და ოპოზიციური ბრძოლიდან გამოსულები - ასე მოიხსენიებენ არჩევნების მიღმა დარჩენილები ჯერ კიდევ გუშინ პარტნიორებად წოდებულებს. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მათთვის მხოლოდ ღალატის ტოლფასია.
უმოქმედობის ნაცვლად მოქმედება - ასეთია "ლელოს" პასუხი. ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ადრესატები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. იქვე ამბობენ, რომ რჩებიან ხელისუფლების ოპოზიციაში და მუშაობენ ე.წ. ნეიტრალურ ამომრჩეველზე.
სწორედ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას უკავშირებს სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ერთმანეთთან დაპირისპირებაც მოჩვენებითია, რადგან გეგმის მიხედვით ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საზოგადოების თვალში უნდა გაემიჯნონ.
ვინ ვისზე დებს ფსონს და ვისთვის იქნება მომგებიანი არჩევნებში მონაწილეობა? - კითხვას პასუხი 4 ოქტომბერს გაეცემა, მთავარია ვისზე დადებს ფსონს ქართველი ამომრჩეველი.