
2 ივლისს ისანში მკვლელობა მოხდა. დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა და მკვლელობით დასრულდა. მოკლული 44 წლის მიშიკო მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 65 წლის ბიზნესმენი ლევან ჩხაიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სავარაუდო დამნაშავესაც. ის თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.
მოკლულის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიშიკო მაძღარაშვილმა ლევან ჩხაიძეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მომხდარის შესახებ კი ისაუბრა მაძღარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ საბედაშვილმა:
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟღერდება არა ერთი ცრუ ინფორმაცია. მომხდარ დანაშაულს შეესწრო გარდაცვლილის ოჯახის წევრი, კერძოდ მისი მეუღლე და ასევე ოჯახთან დაახლოებული ოთხი პირი.
აღნიშნულ პირებთან გასაუბრების შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი დაიწყო ავტომობილის „პარკინგის" გამო, რის დროსაც ბრალდებულმა გარდაცვლილს და მის ოჯახს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სიტყვიერი შელაპარაკება მიმდინარეობდა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის (კარების) მიმდებარე ტერიტორიაზე. არც გარდაცვლილს და არც მის თანმხლებ პირებს ბრალდებულისთვის არ მიუყენებიათ ფიზიკური ზიანი (გასროლამდე).
მოწმეების თქმით, საუბრის მიწურულს ბრალდებულმა განახორციელა რამდენიმე გასროლა გარდაცვლილის მიმართულებით. ბრალდებულმა გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ფეხის არეში, ხოლო შემდეგ გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა.
აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა ადგილზე მყოფ პირებს, თუმცა გასროლა ვერ განახორციელა ვინაიდან გარდაცვლილის ახლობლებმა მას ხელიდან იარაღი გააგდებინეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდგომაც ცნობილი გახდება დამატებითი დეტალები" - აღნიშნა ადვოკატმა.
წყარო: ambebi.ge