რეზონანსი
17.06.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ს.ქ.; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული დ.ი.; ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ე.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.ჩ. და 2002 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ე.ბ.-მ, მ.ჩ.-მ და ა.ა.-მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მიზნით ს.ქ.-ს და დ.ი.-ს დახმარება გაუწიეს.

ბრალდებულები ს.ქ. და დ.ი. სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ს.ქ.-მ ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანმა მიმალვა სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×