რეზონანსი
14.06.2025

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის განვითარება მოხდეს თანაბრად. ამ თვალსაზრისით რეგიონების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი და ქვეყნისთვის სტრატეგიულად აუცილებელი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც ზუსტად აქეთაა მიმართული, რომ მუნიციპალიტეტებში შეიქმნას ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის, ამა თუ იმ რეგიონის სწორად განვითარებისთვის და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედიაში მშენებარე საბავშვო ბაღის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მოადგილეებთან, საქვეუწყებო სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნო.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოებიც დაათვალიერა. სამტრედიაში სრულად რეაბილიტირდება სათავე ნაგებობა და დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მშენებლობა.

ქალაქ ვანში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის 4 000-მდე ბენეფიციარი წლის ბოლოდან 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, ასევე ბაღდათში, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გათვალისწინებულია: ბაღდათისა და საირმის სათავე ნაგებობებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. დამატებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში და ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასაც გეგმავს.

ბაღდათში 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლისა და სამტრედიაში 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ორივე შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სულ, იმერეთის რეგიონში, უკვე დასრულებულია 12 და მიმდინარეობს 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარს აღემატება.

მინისტრმა, აგრეთვე, მოინახულა ბაღდათი-ვანი-დაფნარისა და ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა.

„დღეს, ასევე, გვქონდა სამომავლო პროექტებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ბევრ საინტერესო ახალ პროექტს დავიწყებთ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო და ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პოტენციალზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას ისაუბრა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×