
"გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, ქონება ჩადო გარანტად, რომ არ გაიქცევა" - პაატა მანჯგალაძე
გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, კონკრეტული ქონება ჩადო იმის გარანტად, რომ არ გაიქცევა. ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შეიძლება 1-2 თვეში დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სად არის აქ გაქცევა და შიში?! , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გიორგი ვაშაძის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" „კოალიცია ცვლილებების" ლიდერის ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავება შეაფასა და აღნიშნა, რომ ზურა გირჩის მორალურმა პოზიციამ და გამბედაობამ სისტემა კიდევ ერთხელ ამხილა.
„ფაქტობრივად, ზურას მხრიდან დღეს იყო მხილება. მისმა მორალურმა პოზიციამ და გამბედაობამ სისტემა კიდევ ერთხელ ამხილა. მარტო მხილება და მსხვერპლი ხომ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ხალხს ეშლება, რომ არჩევანი არსებობს - ან ჯარიმას გადაიხდი ან წახვიდოდი პატიმრობაში, ასეთი რამ არ ხდება. ეს არის წინასწარი აღკვეთი ღონისძიება მიმდინარე სისხლის სამართლის „გამოძიების" პირობებში ქვეყნიდან არ გაქცევის. ვისაც გიორგი ვაშაძის პატიმრობაში ყოფნა ეჩქარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. როდესაც ვაშაძე წულუკიანის კომისიაში არ მივიდა, მაშინვე ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ რა ჯობია: რეჟიმს ეს მიზნები შევუსრულოთ, რაც არის ის, რომ მალე მოხდეს ლიდერების იზოლაცია თუ წინააღმდეგობა გავუწიოთ?",- განაცხადა მანჯგალაძემ.