
21 მაისს მცხეთის სასამართლოში 24 წლის გალინა ნოზაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა და განსასჯელის სკამზე მყოფ მის ქმარს, 34 წლის თემურ ყარალაშვილს, სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იმ საბედისწერო ღამით, გალინა სამ მცირეწლოვან შვილთან, ქმართან და დედამთილ-მამამთილთან ერთად, დაახლოებით, 20 კვადრატულ მეტრ სახლში იყო. სწორედ ამ ფიცრულ სახლში, სადაც მხოლოდ ერთი ოთახი ჰქონდათ, ცხოვრობდა მთელი ოჯახი. 12 ნოემბრის, შუაღამეს ქმარმა ცოლს ამ ოთახში გადაასხა საწვავი და წაუკიდა ცეცხლი.
ცნობილია ისიც, რომ ამ ფაქტს შეესწრო სამივე შვილი და მამამთილი. 112-ში გალინას დედამთილმა, მზია გიუაშვილმა დარეკა და სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ცეცხლი რძალს მისმა შვილმა წაუკიდა, მხოლოდ ის თქვა, რომ სახლს ცეცხლი წაეკიდა და გოგო დაიწვა.
საქმის პროკურორი ნათია კიკალია სასამართლოზე ამბობდა, რომ ქალის დამწვრობის ნამდვილი მიზეზი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, 13 ნოემბერს გაირკვა.
„დადასტურდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 23 საათსა და 25 წუთზე, თემურ ყარალაშვილმა ცეცხლი წაუკიდა მეუღლეს. ფარული საგამოძიებო მოქმედება მას შემდეგ ჩატარდა, რაც მამა-შვილი უარყოფდა თემურ ყარალაშვილის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას, თითქოს, მათ არ იცოდნენ, როგორ დაიწვა გალინა ნოზაძე“, - თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე. სწორედ ამის შემდეგ აღიარა ბრალდებულის მამამ, გურამ ყარალაშვილმაც, რომ რძლის დაწვის მომენტს ის შეესწრო.
უმძიმესია გურამ ყარალაშვილის გამოკითხვის ოქმში აღწერილი დეტალები:
"23 საათსა და 10 წუთზე გამაღვიძა ჩხუბის ხმამ. დავინახე, ოთახში, კართან იდგა ჩემი შვილი და ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა დედას. როცა გალინამ ოთახიდან გასვლა დააპირა და ზურგით შეტრიალდა, თემურმა აიღო ოთახის კართან მდგარი ერთლიტრიანი ბოთლი, რომელშიც ესხა დიზელი, რასაც ღუმელის ასანთებად ვიყენებთ. ჩემმა შვილმა ხელი მოუჭირა ბოთლს და საწვავი ბეჭებზე შეასხა გალინას. ამის შემდეგ, სანთებელა აანთო და ბეჭებზე მოუკიდა ცეცხლი. ქალს ცეცხლი ჯერ ზურგზე მოედო, შემდეგ მთელ სხეულზე.
ამის დანახვისთანავე წამოვდექი საწოლიდან და დავუძახე თემურს, რას შვრები-მეთქი?! გალინამ ორივე ხელი აიფარა სახეზე, რომ ცეცხლი სახეზეც არ მოსდებოდა და თან დახმარებას ითხოვდა განწირული ხმით. გალინას 2-3 წუთის განმავლობაში ეკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ჩემმა შვილმა აიღო ქურთუკი და მიაფარა ზურგზე“.
გალინას სხეულის 53 პროცენტი დამწვარი ჰქონდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში ერთ თვეს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ უშედეგოდ.
თავად ბრალდებულს არ მიუცია ჩვენება სასამართლო პროცესზე და მან მხოლოდ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ბრალდებულმა ფაქტი აღიარა, აღიარა რომ შეასხა საწვავი ცოლს, თუმცა ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ადასტურებს, რომ მისი მოკვლის განზრახვა ჰქონდა.
"კვირის პალიტრა"