
წარმოუდგენელი სამართლებრივი და პოლიტიკური სისულელე- ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმებას და პროკურატურის დაქვემდებარებაში გადასვლას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებას ერთადერთი მიზნობრიობა აქვს- “არანაირი საქმე არ იყოს გამოძიებული.“
სპეციალური საგმოძებოს ამსახურის დაქვემდებარება გენერალურ პროკურატურაზე არის წარმოუდგენელი ნონსენსი, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს, რომ თურმე, საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს პროკურატურის დანაშაულებები, როცა ის მისი დაქვემდებარების ქვეს იმყოფება, ეს არის წარმოუდგენელი სამართლებრივი და პოლიტიკური სისულელე, რომელსაც აკეთებენ კონკრეტულად ერთი მიზნობრიობით, არანაირი საქმე არ იყოს გამოძიებული. კოკა კაციტაძის უწყებამ არც აქამდე გამოიძია არცერთი საქმე, ეს იყო ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა დარჩა გამოუძიებელი, რადგან ყველა ეს უწყება იმართება ერთი ოთახიდან და ეს არის ივანიშვილის კაბინეტი,-განაცხადა კუპრაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება. სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.
2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.