
დღეს ვლადიკავკაზში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი, მესამე მონაწილე - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, ის საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ამბებს" წყარომ დაუდასტურა, ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და ხაიკაშვილის მეზობელია.
"ეფხოშვილის ოჯახი ხაიკაშვილებმა არ შეირიგეს, განსხვავებით ქუშაშვილებისგან. დღეს ფიდო დაიჭირეს ყაზბეგში და დაკითხვაზეა გადაყვანილი. ეფხოშვილი 35 წლამდე იქნება, ქუშაშვილებზე არანაკლები ავარდნილია. როგორც ამბობენ, მის ოჯახსაც მოუწევს ხევიდან გადასახლება. როგორც იცით, მოხდა გვარების შერიგება, თუმცა მიღებულია მკვლელების ოჯახების გასახლების გადაწყვეტილება.
ჩვენი ადათით, ორმოცამდე მიცვალებულს პატივს სცემენ და მკვლელების ოჯახების გასახლებაც ალბათ მერე მოხდება. საუკეთესო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და ოჯახებიც დაღუპეს... მოხუცი ხალხის ტირილი და გოდება ისმის მთელს ხევში.
ქუშაშვილების უხუცესი წარმომადგენელი, გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. ამის შემხედვარე გიას დედა გადარეულა და თვითონ წამოუყენებია მოხუცი. ორი ქუშაშვილი დარჩა დასაჭერი, სამართალდამცველებმა მათ კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.
დაკავებული ვინცაა, გიორგი ქუშაშვილი, ციხიდან მის ბიძაშვილს - პაატას ემუქრება, უკარგეს ბიჭს (ვინც ვიდეო დადო და მკვლელებზე დაწერა, გვარის შემარცხვენლები უნდა გავასახლოთო), იუკადრისა თურმე, გამოვალ და ვნახავთ, ვის გაასახლებთო - კიდევ აქეთ იმუქრება.
რაც ეს ამბავი მოხდა, მკვლელების დედა გათიშულია, გონზე მოდის, ისევ ითიშება, არც ჭამს, არც სვამს. ამ მკვლელებმა დაღუპეს გიაც და თავისი ოჯახებიც... ისეთი საშინელება ტრიალებს, ენით აუწერელი, მთელი ხევი შეძრულია“, - გვიყვება წყარო.
ambebi.ge