
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ რეჟიმი პოლიციურ ძალას ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამიტომ ძალოვანებს იმაზე მეტი უფლებები ეძლევათ, ვიდრე სტანდარტულად უნდა ჰქონდეთ.
რეჟიმი პოლიციურ ძალას მიმართავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამ პოლიციურ ძალებს ეძლევათ, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე, სტანდარტულად, საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანებიც და ნებისმიერი სხვა დანაშაული იქნება გამოძიებული მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ახალი არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლება შეიცვლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ასეთ შემთხვევებში სამართალი იპოვონ, - ამბობს დათუნაშვილი.
შაბათის გუნდმა მოიპოვა მტკიცებულებები ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმიდან, რაც ადასტურებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე სპეცრაზმელებს გამოძიებამ ხელი დააფარა. საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს.
სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი, „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ.