რეზონანსი
27.03.2025

9 თებერვალს თბილისში 24 წლის გიგა დაუშვილი დაიკარგა და მას შემდეგ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ძალოვნები უშედეგოდ ეძებენ. გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. როგორც მისი მეგობარი ამბობს, ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. გიგას დედა, ნათია დაუშვილი მაშველებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და ყველა ადამიანს სთხოვს დახმარებას, ვისაც შეუძლია მას შვილი აპოვნინოს. 

„თებერვლის შემდეგ უშედეგოდ ვეძებთ ჩემს შვილს. პოლიცია ცალკე ეძებს და პირველ რიგში მადლობა მაშველებს, რომლებიც მთელი გულით და თავგამოდებით ეძებენ ჩემს შვილს. გიგას დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა შეწყვიტეს მისი ძებნა, დიდთოვლობის დროს მათ მოუწიათ დასავლეთ საქართველოში ხალხის დასახმარებლად წასვლა, 13 მარტს რომ ჩამოვიდნენ იქიდან მას შემდეგაც თავდაუზოგავად ეძებდნენ ყველგან. მადლობა ღმერთს, წყალში ვერაფერი ვერ იპოვეს, იქნებ მოხდეს სასწაული და ჩემი შვილი ცოცხალი იპოვონ. მტკვარში რომ არ არის, იმედი მომეცა, იქნებ სადმეა, იქნებ ცოცხალია.

გიგა ბოლოს როცა ვნახე, კარგ ხასიათზე იყო. იმ დღეს ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად. ამ დროს გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს ჩემი შვილი. ვიცი, რომ გიგა ნასვამი იყო. მასთან ერთად ვინც იყო იმ ბიჭმა მითხრა, ერთად დავლიეთ, 5 ჭიქა არაყი ექნებოდა დალეულიო. გიგა ბევრს არ სვამდა არასოდეს, ამიტომ ეს საკმარისი იქნებოდა მისთვის რომ დამთვრალიყო. მალე ეკიდებოდა სასმელი. როგორც ვიცი, ჩემი შვილი ბახტრიონიდან, ლამპრობიდან გაიყვანა ჩვენმა ორმა მეზობელმა, ნიკა რ-მა და გიორგი ლ-მა. ისინი ფხიზლები იყვნენ. ეს სამი ადამიანი ერთად წავიდა, ორი დაბრუნდა სახლში და ჩემი შვილი გაქრა. საღამოს რომ ვურეკავდი ტელეფონზე, არ მიპასუხა, ავფორიაქდი, შევშინდი, რადგან ასე არასოდეს იქცეოდა გიგა და ყოველთვის მატყობინებდა სად იყო, რას აკეთებდა. ჩვენ სხვანაირი დედაშვილობა გვქონდა. შევშინდი, რომ ვერ დავუკავშირდი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. დედაჩემს კიბეებზე შეხვდა ლუკა რ. და მისთვის უთქვამს, ნათიას გადაეცით გიგას ტელეფონი დაუჯდა და კლასელებთან, მეგობრებთან არის წასულიო. ისეთი კარგი მეგობრები ჰყავდა ჩემს შვილს, როცა ვიცოდი მათთან ერთად იყო, არ ვნერვიულობდი. 

ეს რომ გავიგე, არ მინერვიულია ღამე რჩებოდა ხოლმე საბურთალოზე ძმაკაცებთან, მაგრამ ყოველთვის მირეკავდა და მატყობინებდა ამას. რომ ვერ დავუკავშირდი, ავნერვიულდი, მე დავურეკე ლუკას და ვკითხე სად იყო გიგა, მან მითხრა, ვერ გითხარით, გიგა გოგოსთან ერთად არის წასული და ღამე გოგოსთან დარჩაო. 24 წლის იყო და არც ეს იყო გასაკვირი, მაგრამ ვთხოვე ლუკას იმ გოგოს ნომერი მოეცა, რომ მეკითხა მისთვის ჩემი შვილი იყო თუ არა მასთან. თან ეს ამბავი ისე მშვიდი ტონით მითხრა ლუკამ, ეჭვიც არ შემიტანია. რომ ვთხოვე გოგოს ნომერი, მითხრა გაგირკვევო, 10 წუთში ისევ გადავურეკე ლუკას, მშვიდი ხმით მითხრა, ვარკვევ ამ გოგოს ტელეფონის ნომერს დამაცადეო, მერე კიდევ ორჯერ დავრეკე, მაგრამ უკვე აღარ პასუხობდა ჩემს ზარებს, საერთოდ გამორთო ნომერი. მერე ჩემმა დამ თავისი ტელეფონიდან დაურეკა, მას უპასუხა და უთხრა, ნათია დეიდას არ ვუთხარი, გიგა პოლიციამ დაიჭირა და მერიდებოდა მისთვის ამის თქმაო, ახლა 112-ში დავიწყეთ იმის გარკვევა იყო თუ არა გიგა დაკავებული, გაირკვა, რომ ის არავის დაუკავებია, ციხეებში არსად არის. კლინიკებიც გადავამოწმეთ, არსად იყო. მერე უკვე პოლიციაში განვაცხადეთ გიგას დაკარგვის ამბავი და მას შემდეგ პოლიცია ეძებს. 

ვეძებდით ჩვენც ჩვენი ძალებით, მერე ლუკამ და გიორგიმ თქვეს, რომ ერთად წავიდნენ დიღმის ჭალებისკენ. იქ წაიყვანეს მეგობრები მოსაძებნად და მერე ითქვა, რომ იმ ტერიტორიაზე ლუკამ იპოვა ჩემი შვილის მობილური ტელეფონი. ყველა გზა ამ ბავშვთან მიდის, მისი მოთხრობილი სხვადასხვა ამბავი აჩენს კითხვებს და მაქვს იმის განცდა, რომ მან და გიორგიმ იციან რეალურად რა მოხდა და არ ამბობენ.

თუ სასწაული ხდება, ვინ შეიფარებდა ამდენი ხანი ჩემს შვილს? წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ასეა ჩემი საქმე. განადგურებული ვარ და ვეძებ სიმართლეს, ვეძებ ჩემს შვილს. კინოლოგებმა მითხრეს, იმ ღამესვე ძაღლი კვალს აიღებდაო, მერე იყო თოვლი ნესტი, ეს უკვე ხელს გვიშლის კვალის პოვნაშიო. ეთქვათ თავიდანვე სიმართლე, იქნებ ჩემი შვილის სიცოცხლისთვის წამები და წუთები იყო მნიშვნელოვანი, იქნებ ახლაც სჭირდება დახმარება. მაშინვე რომ მცოდნოდა მტკვრის მხარეს იყო წასული, იქით წავიყვანდი პოლიციას. სატელეფონო ზარებიც ამოღებულია, მაგრამ გამომძიებელი მეუბნება, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთო. 

46 დღე გავიდა ამ ჯოჯოხეთური დღეებიდან, 9 თებერვალს დავიღუპე და მას მერე არაფერი ხელჩასაჭიდი არ არის. დავდიოდით მე და ჩემი და, ნათესავები ფეხით, დრონით ეძებდნენ ყველგან იქ, მაგრამ ისეთი ტერიტორიაა ყველაფერს ვერ შეამოწმებ, შეიძლება წყალშიც ჩავარდე ადამიანი. იქ არის დაგუბებული წყლებიც, არის მტკვარიც არის და საშიში ადგილებიც. არ ჩანს ჩემი შვილი, იმიტომ ეძებდნენ მაშველები მტკვარში იმ ტერიტორიაზე მას, რომ ითქვა, იქ იპოვეს ტელეფონი. დიდი მადლობა მაშველებს, ყველაზე გულიანები, ერთგულები და თავდადებული მაშველები გვყოლია, მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა პოლიციას, რომ უპასუხოდ არ ტოვებენ ჩემს ზარებს. 

მივმართავ ყველას, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დამიკავშირდით ამ ნომერზე 579255211. ამდენ ტკივილს, მონატრებას და გაურკვევლობას ვეღარ ვუძლებ. 46 დღეა მისი ხმა არ გამიგონია. ჩვენ დევნილები ვართ. არ იყო ჩემი შვილი უპასუხისმგებლო რომ ასე დავეტოვებინე. საშინელებაა ვერც ცოცხალს ვპოულობთ და ვერც მკვდარს. ვეძებ სიმართლეს, ვეძებ შვილს, ვეძებ სამართალს. დამეხმარეთ ადამიანებო, მაპოვნინეთ ჩემი 24 წლის შვილი, ჩემი გიგა, მეწვის სული, მეტი აღარ შემიძლია", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გიგას დედამ ნათია დაუშვილმა.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×