რეზონანსი
22.03.2025

შპს „რუსთავი ფოლადის" დასაქმებულები უშედეგო მედიაციის შემდეგ დღეს დილიდან გაიფიცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირთა გაერთიანების ცნობით, გაფიცულთა მოთხოვნაა ხელფასების 500 ლარის მატება, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, საპრემიო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების დადება მათი უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად.

„დამსაქმებელი საპასუხოდ მათ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველი ივლისამდე ყოველ თვეს, ეტაპობრივად ხელფასების 50 ლარით ზრდას სთავაზობს, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. დასაქმებულების ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. დღეს დილიდან გაფიცულებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაფიცვა გაგრძელდება უწყვეტად დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე", - ნათქვამია საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის, თემურ სურამელაშვილის ინფორმაციით, შპს რუსთავის ფოლადის 150-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

„ამ ეტაპზე დაახლოებით 150 ადამიანია გაფიცული, საწარმო გაჩერებულია. მედიაციაზე ორ საამქროს ჰქონდა მომართული, რომლებიც ორი ძირითადი საამქროა. მათი მოთხოვნებია: ხელფასის 500 ლარით მატება, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამოსწორება, სასადილოს ჰიგიენური ნორმების გამოსწორება და კვების რაციონის შეცვლა, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს 50%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება. ეს საკითხებია სამედიაციო მოთხოვნებში ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან უკუკავშირი არ ყოფილა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ დამსაქმებელთან შესახვედრად და პრობლემის მოლაპარაკების მაგიდასთან გადასაწყვეტად",- განაცხადა თემურ სურამელაშვილიმა „ბიზნეს მედია ჯორჯიასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×