
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, დასრულდა. „ბიბისი“ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დეტალებზე უკვე წერს. როგორც ცნობილი ხდება, შეხვედრა ოთხ საათნახევარი გრძელდებოდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, “აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ ითანამშრომლებენ“.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი, უკრაინა და ევროპა უნდა დაეთანხმონ უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებას და ევროკავშირი "რაღაც მომენტში" უნდა ჩაერთოს პროცესში, - იტყობინება "როიტერი".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების თანამშრომლების რაოდენობის აღდგენაზე.
ამ ეტაპზე რაზე შეთანხმდნენ აშშ და რუსეთი? - ამის თაობაზე უფრო დეტალურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:
- ორმხრივ ურთიერთობებში" გამაღიზიანებელი“ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, შეიქმნება საკონსულტაციო მექანიზმი, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის.
- დაინიშნება უმაღლესი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად - რათა კონფლიქტის დასრულება იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.
- ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების; ისტორიული, ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ წარმოიქმნება, ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.
- გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ პროცესი დროულად და პროდუქტიულად წარიმართოს.
საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკება აშშ-რუსეთს შორის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი იყო. მასში უკრაინიდან არავინ მონაწილეობდა. ვაშინგტონის განცხადებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან სხვა ეტაპზე წარიმართება.
აშშ-ის მხრიდან, მოლაპარაკებაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ. რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში იმყოფებოდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი. კირილ დმიტრიევი მოსკოვის დელეგაციის წევრია, თუმცა ის უშუალოდ მოლაპარაკების მაგიდათან არ იჯდა.
როგორც დიმიტრიევმა განაცხადა, პროგრესს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ საკითხებში, სამი თვის განმავლობაში ელოდება. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზრების დატოვების გამო, ამერიკულმა კომპანიებმა 300 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.
“რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს, მაგრამ კომპრომისებზე ლაპარაკი ნაადრევია", - განაცხადა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დმიტრიევმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. შესაბამისად, ის მომავალ კვირას არ გაიმართება.