
ევროკავშირი უნდა იყოს ჩართული რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა დასახოს ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა, - ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
„ტრამპს თუ ნამდვილად სურს, რომ ევროპელებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა თავიანთ უსაფრთხოებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ევროპელები უნდა იყვნენ საკვანძო მოთამაშეები უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შემუშავებაში. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რუსეთი არის გლობალური საფრთხე და არამხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის", - თქვა ანტონიუ კოშტამ ინტერვიუში.
რაც შეეხება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობას, კოშტამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ომის მონაწილე მხარეებს შორისაა.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, თუმცა უკრაინაში ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ის ევროპულ უსაფრთხოებასაც ეხება", - აღნიშნა კოშტამ.