რეზონანსი
16.02.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს მასშტაბურ შეთანხმებას ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, – „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კრისტოფერ სმიტმა ვილნიუსში დასავლელ დიპლომატებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე განაცხადა.

12 თებერვალს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადა. ამის შემდეგ, პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მინსკში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. კრისტოფერ სმიტმა მოლაპარაკებები გამართა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და ბელარუსის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელთან, რის შედეგადაც სამი პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე.

„ეს ორი მოვლენა გახდა სიგნალი იმისა, რომ ვაშინგტონი უარს ამბობს მრავალწლიან მცდელობებზე, იზოლაციაში მოაქციოს ლიდერები, რომლებიც დასავლეთში არ სარგებლობენ პოპულარობით მათი რეპრესიული პოლიტიკისა და უკრაინაში ომის გამო“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

ვილნიუსში დიპლომატებთან შეხვედრისას სმიტმა სამი პატიმრის გათავისუფლება „სპეცოპერაციად“, ასევე, „უზარმაზარ გამარჯვებად და პრეზიდენტ ტრამპის ძალის მეშვეობით მშვიდობის დამყარების პოლიტიკის შედეგად“ მოიხსენია. მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს „დიდი გარიგება“, რომლის ფარგლებშიც ლუკაშენკო მრავალ პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, აშშ შეარბილებს სანქციებს ბელარუსის ბანკებისა და კალიუმის სასუქის ექსპორტის მიმართ.

ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა თქმით, სმიტმა ლუკაშენკოსგან „მიიღო დაპირება, რომ ის მზადაა, შეარბილოს რეპრესიები ბელარუსში“. მედიის ცნობით, ამერიკელმა დიპლომატმა აშშ-ის მთავარ მიზნებად ამ პროცესში დაასახელა დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასევე განზრახვა, „მისცეს ლუკაშენკოს გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება რუსეთის გავლენის ორბიტის მიღმა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ლუკაშენკოსთან კონტაქტებისა და გარიგების შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ვესნას“ მონაცემებით, ამჟამად ბელარუსში 1 226 პოლიტპატიმარია. ბოლო თვეების განმავლობაში ალექსანდრე ლუკაშენკომ 200-ზე მეტი პატიმრის შეწყალების ბრძანებულებებს მოაწერა ხელი, თუმცა, ოპოზიციის აქტივისტების თქმით, ამავე პერიოდში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×