
ბათუნში ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივები არიან შეკრებილები. მათი თქმით, მომხდარის დროს შესაბამის უწყებებს დაურეკეს, თუმცა ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნული სამშენებლო ტერიტორიაა და შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო, თუმცა უსაფრთხოება დაცული არ არის.
"როდესაც კაფსულის ჩადება იგეგმებოდა, თქვეს რომ სამშენებლო ტერიტორია შემოღობილი იქნებოდა, მაგრამ ხედავთ ფაქტს. აქ ძველი სახლები იყო დაანგრიეს, რათა ახალი კორპუსები აშენებულიყო. ძველი სახლების დემონტაჟი მოხდა, ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული... ამ ოჯახებს რა უნდა მისცენ ამის შემდეგ, რომ ტკივილი შეუმსუბუქდეთ. რა ბინა უნდა მისცენ, ოჯახები გაუბედურდნენ" - ამბობენ შეკრებილები.
აღსანიშნავია, რომ ე.წ ოცნების ქალაქში მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილისთვის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილზე წარადგინა. ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცოტა ხნის ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა:
"უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში".
