
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მზა გეგმა ჯერ არ აქვს. ამის შესახებ მან The Economist-თან 11 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მოხარულია, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდს ომის დასრულება სურს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი აზრით, ომის დასრულების სამოქმედო გეგმა ჯერ არ არსებობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მზა გეგმა ჯერ არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ გეგმა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ამერიკული, რადგან ომი აქ ხდება. ერთობლივი მუშაობის გარეშე, ჩვენთან კონსულტაციების გარეშე, ვფიქრობ, რომ ის ვერ იქნება სრული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის გუნდს, სავარაუდოდ, აქვს გარკვეული მიღწევები, მაგრამ უკრაინას ისინი ჯერ არ უნახავს.
„ჩვენ არ გვინახავს ისინი და არც შემოთავაზებების შესახებ გვსმენია. სულ ეს არის. ვფიქრობ, თებერვალი იქნება თვე, როდესაც ეს მუშაობა დაიწყება. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი შეერთებული შტატების შიდა საკითხებზე მუშაობს და, ვფიქრობ, ეს მისი პრიორიტეტია. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ღია წყაროებში და სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.