
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ კომენტარი გააკეთა რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს ხვალ უყრის.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ქართველი ხალხის დასჯა სურს, მმართველ გუნდს ეს მოლოდინები არ აქვს.
"როგორც ჩანს, გაგრძელდება ასეთი პოლიტიკა და ისეთივე უშედეგო იქნება ის რეზოლუციები, როგორიც იყო წინა 5 რეზოლუცია. ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არიან ევროპარლამენტში წარმოდგენილები, ითვალისწინებენ მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, თუმცა იცით, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო აღმასრულებელი ორგანოებისთვის, ამიტომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მეტად უნდა ქართულ ოპოზიციას, რათა დასაჯონ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ მათ ვერ გაიმარჯვეს საქართველოს არჩევნებში, მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და, დარწმუნებულები ვართ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას", - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.