რეზონანსი
11.02.2025

 დოკუმენტი ხელმოწერილია, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა მორიგი რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპმა ყველა სახელმწიფოსთვის ფოლადისა და ლითონის იმპორტზე 25-პროცენტიანი გადასახადი დააწესა. თანხის გადახდა, იმ ქვეყნებსაც მოუწევთ, რომლებიც ამ დრომდე, საბაჟო კვოტების ფარგლებში, გადასახადს არ იხდიდნენ, გამონაკლისი, შესაძლოა, მხოლოდ ავსტრალია გახდეს. ლითონის შემდეგ, შტატების პრეზიდენტი ტარიფების დაწესებას მედიკამენტებსა და ჩიპებზეც გეგმავს. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დააწესა "ჩრდილო ამერიკული" სტანდარტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში მხოლოდ გადადნობილი და დამუშავებული მეტალი შევა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა უკმაყოფილება ევროპაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა მტკიცე და პროპორციული საპასუხო ზომების მიღებაც დააანონსა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

მაშინ, როცა ევროპა ტრამპის გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებს, ქართულმა ოპოზიციამ შეფასების გაკეთებას თავი აარიდა. ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ ევროპა და ამერიკა ურთიერთობას თავად დაალაგებენ მათი თქმით, საქართველოს დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.

ეკონომიკური ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში დონალდ ტრამპის მიერ ლითონის იმპორტზე ტარიფების დაწესებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და გადასახადებს, შესაძლოა, მალე ევროკავშირის მისამართით სანქციებიც მოჰყვეს.

დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ტარიფების დაწესება ევროპას საკუთარ პრობლემებზე მეტად დააფიქრებს და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ნაკლებად ჩაერევიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთმანეთთან დაპირისპირებამ, ოპოზიციას დღის წესრიგი აურია.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა ტარიფების დაწესების შესახებ დოკუმენტს ხელი 10 თებერვალს მოაწერა. დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში 4 მარტიდან შევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×