რეზონანსი
11.02.2025

მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც "პოსტვ"-დან პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ჩაეწერა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს:

„მე არ მესმის, ზოგიერთები რატომ ჩივიან, ეს რა ახალგაზრდობა მოდისო... ჩვენ გენიალური ახალგაზრდობა გვყავს - ძალიან ჯანსაღი და წელში გამართული, მაგრამ ამას დანახვა უნდა. სულ ვამბობ, რომ მათთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, რადგან თანამედროვე ახალგაზრდებზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა: მეგონა, რომ მათ არაფერი აინტერესებდათ, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა თვალი ამიხილა და დამანახვა, რომ ჩვენი სისხლი, საბედნიეროდ, ისევ ხმაურობს. აშკარაა, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნეს ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ერს ისტორიულად მოსდგამს - მათ შორის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიყვარული.

ჩვენ რომ გვეგონა, ეს ბავშვები გაჯეტებიდან თავს ვერ სწევდნენ, თურმე, ყველაფრის აზრზე ყოფილან; თურმე, ჩვენზე მაგარი სიყვარულიც შეუძლიათ, ერთგულებაც და თავდადებაც; თურმე, არ ვიცოდით, რომ საქმე საამაყოდ გვაქვს, რადგან ჩვენ თვალწინ ძალიან კარგი თაობა გაზრდილა, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს. არ ვიცი, ეს გენების დამსახურებაა თუ სხვა რამის, მაგრამ - ფაქტია!

ამჟამად გაჩერებული ვარ - ჩემი სტუდიაც დავხურე და ყველაფერი გავაჩერე. არ მესმის, კონცერტი როგორ უნდა გავმართო, როცა ჩემს ქვეყანაში ასეთი დაძაბული პროცესები ვითარდება. როცა ჩვენს საუკეთესო ახალგაზრდებს სცემენ და ციხეში უშვებენ, არ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა ვიმღერო და ვიცეკვო ან მუსიკა როგორ დავწერო?! ასეთს რას მოითხოვს ის ხალხი, რომელთაც ე.წ. პოლიციელები სცემენ და ციხეში სვამენ? - ევროპულ მომავალს, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. რა საჭიროა ამ ხალხის დაჭერა? ვინც დააშავა, კი ბატონო, დაიჭირონ, მაგრამ რამდენი ადამიანი ჩასვეს სრულიად უმიზეზოდ?! ვინც ხელში მოხვდათ, ყველა გალახეს და დააპატიმრეს!

ხშირად ვამბობ, რომ მეც ჩვეულებრივი "ქოცი" ვიყავი. "ნაციონალების" რეჟიმს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლაც იგივე რომ ხდება? ადრე სულ ვამბობდი, ჩემი არჩეული და ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება რაღაც შეცდომას თუ დაუშვებს, მალევე გამოასწორებს-მეთქი და "ოცნებას" თვალდახუჭული ვენდობოდი. ვინ იცის, ამის გამო, რამდენი კამათი გადამიტანია, მაგრამ როდესაც ამ ძალამ ყველა ძირეულ პოსტულატს უღალატა, ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.

როგორც მეხი, ისე ჩამოვარდა "რუსული კანონი", რასაც მოჰყვა დაუსრულებელი პროპაგანდა ევროპის და დასავლეთის წინააღმდეგ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, არის და იქნება. ეს ყველაფერი, ჩვენმა არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა დროულად შენიშნეს და სწორად შეაფასეს.

ადვილი არავის ეგონოს სამსახურიდან წამოსვლა, ხელფასზე, კონცერტებზე უარის თქმა და სახლში ჯდომა... ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო და ქილიკობს" - განუცხადა "კვირის პალიტრას" ირმა სოხაძემ.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×