
ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიას, დაკვეთას საქართველოს მოქალაქეები განსაზღვრავენ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ინტერეს არ გამოხატავს.
„მთავარი საკითხია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ივანიშვილის რეჟიმის ყველა ტყვე და ასევე, დაინიშნოს ახალი არჩევნები. ყველანაირ დოკუმენტზე ლაპარაკი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ თუ არ მივაღწიეთ ამას და რეჟიმი თუ არ მიხვდება, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულია, იქამდე ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ. რაც შეეხება დოკუმენტს, იქ მთავარი საკითხია, გაყალბების მექანიზმები, რითაც „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები დავიდეს მინიმუმამდე. აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო მეტად უნდა იყოს გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემა, ვგულისხმობ იმას, თუ ვინ მიდის საარჩევნო უბანზე, ასევე საუბარია, რომ ბევრ შემთხვევაში მოხდა მანიპულაცია აპარატების გამოყენებით და ასევე, ყველაზე მთავარი საკითხია – ემიგრანტებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სამოქმედო სტრატეგიას, დაკვეთას საქართველოს მოქალაქეები განსაზღვრავენ.
„50 დღის განმავლობაში ქუჩაში მდგომი საქართველოს მოქალაქე არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ჩვენ ვასრულებთ მათ დაკვეთას. მათი დაკვეთაა – ვინც ჩვენთან ერთად იდგა და რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა, ის ხალხი უნდა გამოუშვან, ამიტომაც არის ქუჩაში და მათი დაკვეთაა, ჩატარდეს ახალი არჩევნები. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილი არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.