
ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო - ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება ავლენს, მიუთითებს, რომ რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ხელი ჩაქნეული აქვს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ.
„[თავდასხმაში] ჩართული იყო არაერთი პირი, მათ შორის იყვნენ თანამდებობის პირები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდა არაერთი თანამდებობის პირი. ეს არის ინფორმაცია, რაც გვაქვს. მარტივი პროცესია, სამართლებრივი და საგამოძიებო თვალსაზრისით და უახლოეს დღეებში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
„სიმართლე ვერ იქნებ რამდენიმე, სიმართლე არის ერთი. სიმართლე არის ის, რომ ამ ორგანიზებულ თავდასხმას წინ უძღოდა ივანიშვილის განცხადებები წინასაარჩევნოდ, რომელმაც ფაქტობრივად მოუწოდა, მწვანე შუქი აუნთო მის მოძალადე ჯგუფებს, მსგავსი ორგანიზებული თავდასხმის ჩადენისკენ. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფიზიკური ანგარიშსწორების დავალება, რომელიც მოდის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან. რაც მოხდა, ეს ყველაფერი ძალიან მალე იხილავს სინათლეს, ფაქტების სრული კონსტატაციით. ფრაგმენტები, რაც პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელა, ფაბრიცირებული, დაჭრილი, გადაბმული ვიდეო-კადრებია და მთელი პროცესის ამსახველი ვიდეო-კადრებიც არსებობს.
გვაქვს ჩვენი გეგმა და ნაბიჯები, არსად გვეჩქარება. ქართული პოლიტიკაა და ასეთი რაღაცები ხდება. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ბინძური საშუალებებით, ორგანიზებულად უსწორდება საკუთარ ოპონენტებს. მათ აშინებთ გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტივობა, წონა და მისი შესაძლო გავლენები მათ პოლიტიკურ და სამართლებრივ მომავალზე. ამიტომ, ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ უწყებებს. კარგად გვესმის, რომ გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სისტემაში გვიმუშავია და დაველოდებით. მათგან განსხვავებით, ჩვენი პასუხები და პასუხისმგებლობები სამართლიანად, თავისუფალი სასამართლოს პირობებში იქნება დაწესებული. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ - ვერცერთი ორგანიზატორი, დამკვეთი, ვერ გაექცევა. ამის მიღმა, რა პროცესები უძღოდა და რა მოცემულობა იყო იქ, როგორ მოხდა პროცესის დაწყება და განვითარება, ამის ხილვა მარტივადაა შესაძლებელი. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, რომელსაც მთლიანი ვიდეო-ჩანაწერი აქვს, ასევე წინ გვაქვს უამრავი ჩვენება, რომელიც უნდა მოვისმინოთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.