მაკო გომურის ინტერვიუს, რომელიც მიმდინარე აქციების ფონზე მისცა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.
„მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა... რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!" - განაცხადა მაკო გომურმა „ambebi.ge"-სთან.
აღნიშნულ ფრაზაზე აქტივისტმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება. მისი თქმით, ეს საკუთარი ბრძოლა არაა, რომ პირად პრინციპებსა და სურვილებს იყოს აყოლილი
„არ ვიცი, მაინც გაუგებარი რატომ დარჩა ბევრისთვის, ამიტომ განვმარტავ: აქ პატიება/არ პატიებაში არაა საქმე. ყოველთვის, დღესაც და ხვალაც მენდომება სამართლიან პირობებში გასამართლდეს და დაისაჯოს კანონის ფარგლებში ყველა ის ადამიანი ვისაც წვლილი მიუძღვის ყველა მომხდარში - იყო ეს 17 წლის წინ, 5 წლის წინ თუ ხდება ეს დღეს.
თუმცა დღეს ეს ჩემი საკუთარი ბრძოლა არაა, რომ ჩემს პრინციპებს, ჩემს სურვილებს ვიყო აყოლილი. ამ აქციებს ან ყველაფერს უკვე რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ რეპრესირებული, ნაცემი, დაჭერილი ადამიანების სახელი ჰქვია. იმ 18-20 წლის ბიჭების სახელი ჰქვია ციხის გისოსებს მიღმა 9-10 წელი რომ გვრჩება, მედიის ნაცემი თანამშრომლების სახელი ჰქვია, ჩემი სახე-დამტვრეული მეგობრების სახელი ჰქვია, რეპრესირებული ადამიანების შეშინებული შვილების სახელები ჰქვია და არ ვიცი, კიდევ რა ჩამოთვლის.
მე და ნათია ლეთოდიანს სულ არ გვეხალისება იმ ადგილას ყოფნა, სადაც გახარია და მისი გუნდიც დგას, მაგრამ საჭიროა ახლა, იმ ბავშვების გამო მაინც, ვისი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ ახლა. ასევე მედიებს: ალაპარაკეთ ადამიანები, ვისაც სხვა ხედვები და გეგმები აქვთ, სხვა იდეები ამ ბრძოლაში. ნუ გაქვთ ჩაკეტილი ეთერები, მხოლოდ კონკრეტული ხედვების ადამიანებს ნუ ასაუბრებთ. 5 წლის უკან ლუკა სირაძის ამბავზე ხელში აღებული აგურები არ უნდა დაგვეყარა ძირს, იქნებ დღეს აქამდე არ მოვსულიყავით" - წერს სოციალურ ქსელში მაკოგომური.