რეზონანსი
05.11.2024

 რამდენიმე საათში, შტატებში ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ - პირველად აირჩევენ ქალ პრეზიდენტს, ან პირველად აირჩევენ ერთხელ დამარცხებულ პრეზიდენტს მეორედ. საარჩევნო უბნები ჯერ აღმოსავლეთ სანაპიროზე გაიხსნა, ნიუ ჰემფშირის პატარა სოფელი, დექსვილ ნოტჩი ტრადიციულად პირველია, სადაც ხმები უკვე დააფიქსირეს და გადათვალეს კიდეც. ამას მარტივი მიზეზი აქვს, იქ მხოლოდ 6 ადამიანი ცხოვრობს.

ამ სოფელში ხმები 3-3-ზე გაიყო, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის სხვაობა სულ უფრო მინიმალური ხდებოდა - ბოლო სიტყვა ხალხზეა, რომელთა ხმასაც საარჩევნო კოლეგია ასახავს. საკრალური 270 ხმა კი კანდიდატს პრეზიდენტად აქცევს.

ბოლო სიტყვა უკვე თქვა ერთმა და მეორე კანდიდატმაც - კამალა ჰარისმა ამისათვის მერყევი შტატი პენსილვანია შეარჩია. აბორტის უფლება, ფასების შემცირება და საცხოვრებლის ხარჯები დემოკრატებისთვის კვლავ ცენტრალური საკითხები იყო. არც შოუ ბიზნეს დაუზოგავს თავი - ობრა უინფრი, რიკი მარტინი, კეტი პერი, კრისტინა აგილერა და ბევრი სხვა დემოკრატების კანდიდატს უცხადებენ მხარდაჭერას. თავად ჰარისმა კი კამპანიის ბოლო დღეებში ტრამპზე საუბარზე უარი თქვა, ვიცე-პრეზიდენტი ცდილობს ლიდერად პოზიციონირდეს.

ოქროს ხანას ჰპირდება ამერიკელებს დონალდ ტრამპი, რომლის კამპანიის ბოლო გაჩერებაც ასევე მერყევი შტატი, მიჩიგანი იყო. მეტოქისგან განსხვავებით კამალა ჰარისი მან ბევრჯერ ახსენა, შეეხო სადავო თემასაც, რომელიც ამერიკის მოქალაქეების მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენის დაწესებას ეხებოდა. ისაუბრა აქტუალურ საკითხებზეც, როგორიცაა ინფლაციის დასრულება, მიგრაციის შეჩერება და ქვეყანაში ნარკოტიკების შედინების აღკვეთა. ტრამპის გვერდით იდგა მისი ოჯახიც, არასრული შემადგენლობით.

ამერიკაში 82 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი ხმა არჩევნების დღემდე დააფიქსირა -ამის საშუალებას საარჩევნო სისტემა იძლეოდა.თუმცა დიდმა რიგებმა ნათელი გახადა,რომ 5 ნოემბერსა და არჩევნების ცენტრალურ დღეს კიდევ უფრო მეტი ელოდებოდა. ნიუ იორკი,ნიუ ჯერსი, ნიუ ჰემფშირი,ჯორჯია,მიჩიგანი - სასაათო სარტყელმა ნელ-ნელა ყველა გამოაფხიზლა და არჩევნებზე მიიყვანა.

საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა რესპუბლიკელების ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა. მანამდე ჯეიდი ვანსი სხვებსაც იგივესკენ მოუწოდებდა, ისევე როგორც მისი ოპონენტი.

ამერიკის 50 შტატიდან სიურპრიზები 7-სგან არის მოსალოდნელი: პენსილვანია, ჯორჯია, ჩრდ.კაროლინა, ნევადა, არიზონა, მიჩიგანი, ვისკონსინი. ამ შტატებს სხვანაირად ბრძოლის ველსაც ეძახიან, აქვს უფრო მხატვრული სახელიც - იისფერი შტატები, როგორც მეტოკე პარტიების ფერების -ლურჯისა და წითლის ნაზავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×