ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა სანდო გამოკითხვა ადასტურებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და აღნიშნული ფაქტი მმართველი პარტიისთვისაც ცნობილია.
„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც" ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.
გზავნილი გვსურს ყველა პოლიტიკურ პარტიას გავუგზავნოთ. 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვმართებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კოალიცია ამ არჩევნებში ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზას მიუყვება ურყევი რწმენით, რომ ძნელბედობის ჟამს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ.
ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, - თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ყველა ლიდერის სახელით, მოვუწოდებ ჩვენი კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ, პირველ რიგში, თავად ვაჩვენოთ ღირსეული ქცევის მაგალითი. ჩვენ, ასევე, ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას", რომ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩევლის ფიზიკური დაშინების უფლებას არ მოგცემთ და ყველა ასეთ მცდელობაზე მკაცრად გაგებინებთ პასუხს. ასევე ყველასთვის მისაღები უნდა იყოს არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება.
და, ბოლოს - ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ამომრჩევლებისათვის: გთხოვთ, ნუ დარჩებით სახლში! წადით არჩევნებზე! ამ არჩევნებში თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენი ხმა გადამწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში."- განაცხადა ხაზარაძემ.