რეზონანსი
08.10.2024

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მივიდნენ.

როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში" შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ.

პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერები იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს".

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას", რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ "ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×