„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ორბელიანების სასახლეში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიზიტამდე მედიასთან განაცხადა, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით იმართება და მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ამგვარი კონსულტაციები მნიშვნელოვანია.
„შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება, ჩემთან როგორც ქალ ლიდერთან, როგორც მომახსენეს. თუმცა, ჩემთვის გასაგებია, რომ საკმაოდ რთული გარდამავალი პერიოდი გველის, 2 თვე, ეს არის არჩევნები, მთავრობის დაკომპლექტება, პრეზიდენტის არჩევნები. ამიტომ ინდივიდუალური კონსულტაციები მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი თავად იყო პირველწყარო ჩვენი პარტნიორ სახელმწიფო ლიდერებთან. ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. საინტერესო და ისტორიული 2 თვე გველოდება. პრეზიდენტის როლი, როგორც სახელმწიფოს ლიდერის, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკოსებთან.
ქართველი ხალხის ნება უნდა განმტკიცდეს როგორც არჩევნებით, ისე ამ ნების საერთაშორისო აღიარებით. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე იქნება საუბარი", - განაცხადა ანა დოლიძემ.