საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს.
„საჭიროა, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხლი. მე ამის მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო" და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის" მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ. ამიტომ, მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და ასევე მზაობას, ვიცი რომ არსებობს, გიორგი გახარიას მხრიდან. საარჩევნო კალენდარი ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.