ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წვდომა ექნება 14 მილიარდ ევროზე. ეს არის რეალური, კონკრეტული ევროპული ფონდი, რომლითაც განსაზღვრულია 14 მილიარდი ევრო, რათა გაწევრიანებამდე ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით რეფორმები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ სურს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან შემოვიდეს აღნიშნული 14 მილიარდი ევრო.
„მესმის „ქართული ოცნების," მათ არ აქვთ კომპეტენცია და არც უნდათ, რომ მოვიდეს ეს 14 მილიარდი ევრო საქართველოში, ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ. ასევე, მზად ვართ, თუ „ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის კალაძე ან თუნდაც პაპუაშვილი ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოსთვის, ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს - დასაქმებისთვის, განათლების სისტემისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს რომ რეალურია, ყველამ იცის, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ეს გზა გაიარა ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული და კეთილდღეობის მაღალი სტანდარტის ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა. „ქართული ოცნება" კეტავს, ბლოკავს ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14-მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყოვნებლივი წვდომა", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" არ ესმის ევროპული დახმარებების მნიშვნელობა.
„მათ უნდათ, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ბიძინა ივანიშვილის გროშებზე და თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ვიყოთ მონები ივანიშვილის. ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს „ქართული ოცნებისგან" განსხვავებით მოვიტანთ თავისუფლების ფასის სანაცვლოდ, მოვიტანთ დემოკრატიით. ევროკავშირს გამოყოფილი აქვს კონკრეტული ფონდი, ბიუჯეტი ამისთვის, რომ გაწევრიანებამდე ქვეყნებს ჰქონდეთ წვდომა. ეს არის ჩვენს უნარზე დამოკიდებული, თუ რა ვადაში და რამდენს წამოვიღებთ იქიდან", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.