რუსეთი შავ ზღვაში თავს დაესხა სამოქალაქო გემს, რომელსაც ხორბალი ეგვიპტეში გადაჰქონდა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსული რაკეტა ეგვიპტისთვის განკუთვნილი ხორბლის წინააღმდეგ. დღევანდელი დარტყმა შავ ზღვაში ჩვეულებრივ სამოქალაქო გემზე, უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან გამოსვლისთანავე. წინასწარი მონაცემებით, საბედნიეროდ, ადამიანური მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინა არის ერთ-ერთი მთავარი გლობალური დონორი სასურსათო უსაფრთხოებისთვის და მისი საექსპორტო სასურსათო დერეფნის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ათობით ქვეყნის შიდა სტაბილურობა და სიცოცხლე“.
„ველოდებით მსოფლიოს რეაქციას. ხორბალი და სასურსათო უსაფრთხოება არასდროს არ უნდა იყოს რაკეტების სამიზნე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.